საკანონმდებლო წინადადებაზე მთავრობამ უარყოფითი დასკვნა წარმოადგინა

22/12/2017

პარლამენტის წევრების ეკა ბესელიასა და ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. ცვლილება ეხება ვადის გადაწევის საკითხს. კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ტერორიზმთან მიმართებით საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოწმეთა დაკითხვის წესის შენარჩუნება 2019 წლის 1 იანვრამდე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.

კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა მოქალაქე ავთანდილ შენგელიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადება ყოფილი მოსამართლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობებს 65 წლის ასაკამდე ითვალისწინებს. ვინაიდან კანონპროექტი ბიუჯეტში ხარჯების ზრდას გამოიწვევს, იგი საჭიროებს მთავრობის დასკვნას. ეკა ბესელიას განცხადებით, საკანონმდებლო წინადადებაზე მთავრობამ უარყოფითი დასკვნა წარმოადგინა. შესაბამისად, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ საკითხს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უარყოფითად შეაფასა აგრეთვე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაც, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო წინადადება საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების ახლებურად განსაზღვრას ეხება. საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი ერთი მხრივ ითხოვს, რომ გაუქმდეს პარტიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მეორე მხრივ კი ითხოვს სახელმწიფომ გამოყოს ხუთი მილიონი ლარი, რომელიც თანაბრად გადანაწილდება საარჩევნო პროცესში მონაწილე პარტიებზე.
კომიტეტმა ასევე განიხილა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც ზუსტდება და მკაფიოდ განისაზღვრება მედიის ვალდებულებები არჩევნების მეორე ტურის დროს. ცვლილებები ეხება პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსსა და მაუწყებლის პასუხისმგებლობას, მაუწყებელთა ვალდებულებებს საზოგადოებრივი აზრის კვლევასა და ამ კვლევის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვის ვალდებულებას და სხვა.
კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ საკითხი კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს და ამის გათვალისწინებით დაუჭირეს მხარი მას. კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სამსახურისა უწყების წარმომადგენლებს მოიწვევენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0