საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილთან მიმართებაში მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები

03/03/2017

როგორც ქართულმა საზოგადოებამ გაიმარჯვა და მათ ვერ წაართვეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება, ასევე ქართული საზოგადოება გადაწყვეტს, თუ რა როგორ იქნება მომავალში, – ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ, საკონსტიტუციო ცვლილებათა წინადადებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ყველა ეს ცვლილება ხორციელდება არა კონსტიტუციაში არსებული ხარვეზების გამოსწორებისთვის, არამედ ერთი პოლიტიკოსის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აქტივობებიდან გამომდინარე.

”მინდა რეალურად მივულოცო ქართულ საზოგადოებას ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და ვერ წაართვა ქართულ საზოგადოებას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება. ქვეყნის პირველ პირთან დაკავშირებული არჩევანის უფლება საზოგადოებამ შეინარჩუნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაინახა საზოგადოების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. დიახ, ქართველ ხალხს უნდა, რომ პრეზიდენტი არჩეული იყოს პირდპირი წესით და ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა, როდესაც აქ მოხდა ცალსახად უკან დახევა მმართველი გუნდის მხრიდან. რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ სხვა გადაწყვეტილებებს, ცხადია, ეს უკავშირდება პრეზიდენტ მარგველაშვილის აქტივობას. თუ ჩვენ ვნახავთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, როდესაც ის განმარტავდა პირდპირი წესით არჩევის საკითხს, აქ მთავარი თემა იყო არა ინსტიტუციური რაიმე ტიპის გადაწყვეტილებები, ან შინაარსობრივი საკითხები, არამედ კონკრეტულად ერთი პოლიტიკოსის, პრეზიდენტ მარგველაშვილთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა არა იმიტომ, რომ რაიმე სერიოზული, სოლიდური, შინაარსობრივი ცვლილებები მოხდეს კონსტიტუციაში, არამედ შეიქმნა იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსთან, პრეზიდენტ მარგველაშვილთან მიმართებაში მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, ან მცდელობა ჰქონდეს გადაწყვეტილებების მიღების. მაგრამ მე ვფიქრობ, როგორც ქართულმა საზოგადოებამ გაიმარჯვა და მათ ვერ წაართვეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება, ასევე ქართული საზოგადოება გადაწყვეტს, თუ რა როგორ იქნება მომავალში”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0