საკონსტიტუციო პროცესების მიმართ ძალიან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი

16/05/2017

კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვები ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, რამდენად იქნება საზოგადოების პოზიციები გაზიარებული, ამ ეტაპზე საუბარი ძნელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განუცხადა. მისი განცხადებით, მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ საკონსტიტუციო პროცესის მიმართ მაღალია საზოგადოების ინტერესი, ცვლილებებთან დაკავშირებით კი საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.
ეკა მიშველაძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია და აღნიშნა, რომ ყველამ ერთად უნდა შეძლოს და გამონახოს გზა, რათა შეიქმნას საერთო ეროვნული თანხმობის და არა ნულოვანი კონსენსუსის დოკუმენტი.

”კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვების მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ საკონსტიტუციო პროცესების მიმართ ძალიან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ კი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. შესაბამისად, მივიჩნევთ და ამის შესახებ პრეზიდენტს არა ერთხელ განუცხადებია, რომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და გამოვნახოთ გზა, რათა შეიქმნას საერთო ეროვნული თანხმობის და არა ნულოვანი კონსენსუსის დოკუმენტი. პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, როგორც ამ დრომდე, მომავალშიც გააგრძელებენ საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას და კონსტიტუცის განხილვაში ხალხის მაქსიმალურ ჩართულობას. აქვე მინდა გაუწყოთ, რომ ეს იყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია. კომისიის თავმჯდომარის აზრით, მნიშვნელოვანია ყველა მხარე შეთანხმდეს დოკუმენტის მთავარ საკითხებზე და საბოლოოდ შეიქმნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის, რაც მთავარია ქვეყნისთვის ყველაზე თავსებადი მთავარი კანონი. მოგეხსენებათ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ, სადაც ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრაზე მათ განიხილეს ყველა ის სადავო ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაში იგეგმება”, – აღნიშნა მიშველაძემ.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი, რამდენად იქნება საზოგადოების აზრი გათვალისწინებული კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და რას ფიქრობს ოპოზიციის ბრალდებასთან მიმართებით, რომ კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვისას ხშირ შემთხვევაში საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მობილიზება ხდება, მიშველაძის თქმით, პრეზიდენტისთვის ყველას აზრი, მათ შორის საჯარო სამსახურში დასაქმებულთა აზრიც უმნიშვნელოვანესია.

”ჯერ არ დასრულებულა საერთო სახალხო განხილვების პროცესი. შესაბამისად რამდენად იქნება საზოგადოების პოზიციები გაზიარებული, ძნელია ამ ეტაპზე საუბარი. თქვენ ახსენეთ საჯარო მოხელეები, რომლებიც ასევე არიან საზოგადოების წარმომადგენლები და პრეზიდენტისთვის მათი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მიშველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0