საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებამდე ცნობილი გახდება ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი ვერსია

06/09/2017

თამარ ჩუგოშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებამდე ცნობილი გახდება ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი ვერსია.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის მოსაზრებებთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია და განხილვები გაიმართება.
„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. მათთვის ცნობილია, რომ სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით ცვლილებების კენჭისყრა. ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმება – ვენეციის კომისიაში გადაგზავნილია მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებების ტექსტი და მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიისგან მათი დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია გახდება საჯარო და შესაბამისად, ვიდრე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილული იქნება მესამე მოსმენით ეს დოკუმენტი, მანამდე ჩვენ გვექნება საჯარო დისკუსია და განხილვები ამ მოსაზრებების. ჩვენ, რეგლამენტი რის შესაძლებლობასაც მოგვცემს, ანუ, მესამე მოსმენით რა ტიპის ცვლილებების შეტანაც შეიძლება დოკუმენტში, იმ ტიპის რეკომენდაციები და ცვლილებები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ვენეციის კომისიის ძირითადი დასკვნა ცალსახად პოზიტიურია.
„ვენეციის კომისიის ძირითადი დასკვნა, საზოგადოებამ კარგად იცის, ცალსახად პოზიტიურია და ყველა პრინციპულ საკითხზე ვენეციის კომისია იზიარებს ჩვენს მოსაზრებებს, ამიტომ კრიტიკულ დასკვნას ჩვენ არ ველოდებით“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0