საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

13/04/2017

სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე 2014 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები განიხილეს. საბჭოს წევრებმა ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ცვლილებები გამოწვეულია მუნიციპალიტეტების მუშაობის პროცესში გამოვლენილი ახალი პრიორიტეტული მიმართულებებით, რამაც გამოიწვია 2015 – 2017 წლების სამოქმედო გეგმაში დამატებით ახალი პროექტების ასახვა და არსებული პროექტების კორექტირება. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები საკონსულტაციო საბჭოს წევრებს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო. 2015 – 2017 წლების სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები, ზუგდიდის, მარტვილის, აბაშის და მესტიის მუნიციპალიტეტებს შეეხო. სამოქმედო გეგმაში აისახა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პროექტი. არსებული გზა ავარიულია, ის ერთადერთა, რომელიც ინგირის რკინიგზის სადგურს უკავშირდება. დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს, აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ მარანის ცენტრიდან სოფელ თხმელარის მიმართულებით გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის საკითხს. აღნიშნული გზა უკავშირდება, როგორც ცენტრალურ მაგისტრალს და შემდეგ მუნიციპალიტეტის ცენტრს, ასევე მეზობელ მუნიციალიტეტში (სამტრედია) მდებარე ცენტრალურ ბაზარს. სამოქმედო გეგმაში აბაშიდან კიდევ 2 ცვლილება შევიდა. რომელიც სოფელ ზანათში მდინარე აბაშის ხიდიდან სოფელ ნოსირის საზღვრამდე გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობას და თხმელარის მაღაზიიდან საძოვრების მიმართულებით გზის მშენებლობას შეეხო. რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტს, აქ საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს სოფელ იელსა და მურშკელში მრავალფუნქციური შენობების მშენებლობა. მულტიფუნქციური ცენტრი, მოსახლეობას საშუალებას მისცემს ისარგებლონ ბიბლიოთეკით, მიიღონ პირველადი სამედიცინო დახმარება. მულტიფუნქციურ ცენტრებში ბიბლიოთეკა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის ჯგუფის ოთახი განთავსდება. საკონსულტაციო საბჭოში შესული ცვლილებები, ასევე შეეხო მესტიაში სპორტული დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხს. კონკრეტულად თანამედროვე სპორტული დარბაზები ექნება: ხაიშს, ნაკრას, ფარსა და ლენჯერს. საკონსულტაციო საბჭომ, დღეს ასევე იმსჯელა და მხარი დაუჭირა მარტვილში ნახარებაოს უბანსა და სოფელ სერგიეთის დამაკავშირებელი გზის სამოქმედო გეგმაში ასახვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0