საკრებულომ მერიის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა

16/01/2018

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერიაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცეს. აღნიშნული საკითხი დეპუტატებს თბილისის ვიცე-მერმა წარუდგინა. როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიაში მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზება და მისი ერთ სივრცეში მოქცევა იგეგმება. აღნიშნულ ცვლილებებთან ერთად, სხდომაზე მერიის სტრუქტურული ერთეულების, დედაქალაქის საკრებულოს და თბილისის რაიონული გამგეობების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის საკითხიც დამტკიცდა.
საკრებულოს სხდომა დებატების ფონზე წარიმართა. საკრებულოს ოპოზიციამ მმართველი გუნდი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ხელფასებისა და დანამატების გაერთიანები გამო გააკრიტიკა. ოპოზიციონერ კოლეგებს საკრებულოს უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიციის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. კერძოდ, მერიის და საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების თანხა არ იზრდება, ხდება მხოლოდ იმ ხელფასისა და დანამატის გაერთიანება, რომელსაც მუნიციპალიტეტის თანამშრომლები წლების განმავლობაში იღებდნენ.
კამათის შემდეგ, საკრებულოს ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
დღესვე დეპუტატებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის, 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს მხარი და რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების საკითხსაც დაუჭირეს მხარი. საკრებულოს სხდომას თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0