თბილისის საკრებულოს ინიციატივით კომპანიაში „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, 28 წლის ნანა ნაფიშვილი დასაქმდა. პირველი სამუშაო დღე ნანა ნაფიშვილს საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა მიულოცეს.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ნანა ნაფიშვილის დასაქმება კერძო სექტორთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, თბილისის საკრებულოსა და კომპანია „ყაზტრანსგაზს“ შორის მიღწეული შეთანხმებით მოხდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო „ყაზტრანსგაზის“ ხელმძღვანელობას და იმედი გამოვთქვა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობა სხვა კომპანიებთანაც გაგრძელდება “, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიამ დედაქალაქში არსებულ სერვის-ცენტრებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა დაიწყო.
„კომპანია ყაზტრანსგაზის გლდანი – სანზონა – თემქის ბიზნესცენტრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირება მოხდა. დღეიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მობრძანდნენ და ჩვენი კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისი სრულად მიიღონ. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სერვის-ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ერთ-ერთი გოგონა დავასაქმეთ“, – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.