საკრებულოს წევრებმა პეკინის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მონიტორინგი განახორციელეს

28/06/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები პეკინის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.
დეპუტატები კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და ხელმძღვანელებისგან აღნიშნულ გამზირზე განხორციელებული წყალმომარაგების სისტემის განახლების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს.
როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარმოებული სამუშაოები გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის მუშაობა დადებით შეფასებას იმსახურებს.
,,GWP” ხელმძღვანელების განცხადებით, კომპანიამ მასშტაბური განახლების პირველი ეტაპი უკვე დაასრულა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 1 კმ სიგრძის ტრანშეა და ჩალაგდა წყალსადენის 1 კმ სიგრძის ახალი ქსელი, რომლის ექსპლუატაციაში გასაშვებად ამჟამად ტესტირება მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისია, რომელსაც გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერმანენტულად მართავს.
დეპუტატები დეტალურად ეცნობიან კომპანიის მიერ განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკს, რის შემდეგაც შესაბამის მონიტორინგს ახორციელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0