საკრებულოს წევრებმა სხდომაზე 15 საკითხი განიხილეს

07/03/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 15 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე წარმომადგელობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი წერეთლის დანიშვნის თაობაზე იმსჯელეს და მერიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანას.
როგორც თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, აღნიშნული ცვლილება პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანითაა განპირობებული.
კერძოდ, მოქმედი რედაქციით, უსახლკარო პირად რეგისტრაციის გამორიცხვის საფუძვლები ერთ პუნქტში იყო გაერთიანებული, წარმოდგენილი პროექტით კი, ცალ-ცალკე ქვეპუნქტებად ჩამოყალიბდა.
სხდომაზე წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, დაკონკრეტდა შემოსავლის ოდენობა და არსებულ პირობებს დაემატა ისეთი შემოსავალი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის თანხის ერთობლიობას არ აღემატება.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების განხორციელება დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს. დღესვე დეპუტატებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური სახლების, ასევე საცხოვრებელი, მრავალფუნქციური და ერთბინიანი კომპლექსების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ წარმოდგენილ საკითხებს დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას, რომელსაც თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელმძღვანელობდა, დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0