საკრებულოში დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს

28/04/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკრებულოს წარმომადგენლებმა თბილისის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებულ იმ ღონისძიებაზე იმსჯელეს, რომელიც ,,საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ წესში შესატან ცვლილებებს გულისხმობდა.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ განმარტა, სადგომებისა და გაჩერებების ადგილებიდან ტროტუარზე გადასასვლელად მოწყობილი შემაღლებებით შშმ პირები ვერ სარგებლობენ, რადგან მათ დაბრკოლებას აღნიშნულ ადგილებზე განთავსებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება უქმნიდათ.
გამომდინარე ზემოთთქმულიდან, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს, წესში განხორციელდეს ცვლილება, რომლის შესაბამისად, ქალაქში ავტომობილის ნებადართულ ადგილზე პარკირებამ შშმ პირის გადაადგილებას დაბრკოლება არ უნდა შეუქმნას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდება.
საკრებულოს წევრებმა მიკროავტობუსებისთვის შეღავათების დაწესების შესახებაც იმსჯელეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, საწვავის ფასის ზრდამ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიები. შპს-ების წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საფრთხის წინაშე დადგა მათი საქმიანობის გაგრძელებისა და სანებართვო-საკონკურსო ვალდებულებების შესრულების საკითხი. მგზავრობის ტარიფის გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, დედაქალაქის მერიამ საკრებულოს იმ ცვლილების მხარდაჭერის თხოვნით მიმართა, რომლის თანახმად, მიკროავტობუსები მოსაკრებლის სახით 50 ლარის ნაცვლად 15 ლარს გადაიხდიან.
სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშიც მოისმინეს, რომელიც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა დეტალურად წარმოადგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განმარტა, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმით განსაზღვრული 803,266.4 ათასი ლარის ფაქტიურმა შესრულებამ 798,748.2 ათასი ლარი შეადგენა, რაც გეგმის 99.4%-ია.
დეპუტატებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებაც იმსჯელეს და მერიის არქიტექტურისა და ქონების მართვის სააგენტოს მიერ წარმომადგენილი საკითხები დეტალურად განიხილეს.
სხდომაზე დეპუტატებმა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს მოუსმინეს და ლია ჯახველაძის მიერ დედაქალაქში არსებული უსახელო ქუჩებისა და ჩიხების სახელდების თაობაზე წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს სხდომას, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, საკრებულოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0