საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა

08/06/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ხელმძღვანელობდა.
კომისიის სხდომაზე თანხმობა მიეცა „ქალაქ თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის #33-92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს, რომელიც კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა.
ცვლილების თანახმად, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის კრიტერიუმის კორექტირება მოხდა.
კერძოდ, მოქმედი წესის მიხედვით, ქვეპროგრამის მოსარგებლე 2015 წლის 1 ივლისამდე ქალაქ თბილისში უნდა იყოს რეგისტრირებული.
აღნიშნული ცვლილების შესაბამისად კი, ქვეპროგრამის მოსარგებლედ ამავე ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ამავდროულად ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები განისაზღვრა.
მათ შორის ის პირებიც მოიაზრებიან, რომლებსაც თბილისის მუნიციპალიტეტში ამ ერთი წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებული სხვა მუნიციპალიტეტში.
ამასთანავე, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, მოხდა ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობის ლიმიტირებაც (თვეში 700 ბენეფიციარი).
კომისიის სხდომას აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის კოორდინატორი ქეთევან ველთაური და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0