სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს

08/10/2018

„სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც საზოგადოებისთვის არ არის გასაკვირი, რაც შეეხება ვაშაძეს – ის შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს ამ არჩევნებში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამას ადასტურებს პარტიის მიერ ჩატარებული შიდა კვლევა. ირაკლი კობახიძემ ასევე, აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „საზოგადოებისთვის შიდა კვლევების გარეთ გამოტანა არ უკადრებია“.

„ყველა პარტია ატარებს თავის შიდა კვლევებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები და ზუსტად ამ კვლევებზე დაყრდნობით განვაცხადე მე დღეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც არავისთვის არ არის სიურპრიზი, ბუნებრივია. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს ამ არჩევნებში. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რასაც ადასტურებს შიდა კვლევები. ჩვენ არც ერთხელ არ გვიკადრებია საზოგადოებისთვის ჩვენი შიდა კვლევების გარეთ გამოტანა, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ. Edison Research-ის კვლევების საშუალებით. ეს არის რეალური სურათი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც საზოგადოებისთვის არ არის გასაკვირი და ყველასთვის ბუნებრივი მოვლენაა. რაც შეეხება ვაშაძეს, ეს არის ბოლო დროინდელი ტენდენცია, ის შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს ამ არჩევნებში და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დარწმუნებული ვარ, ამას უკავშირდება ის ისტერიული ფონი, რომელ ფონზეც გააკეთა ნიკა გვარამიამ ეს ფაშისტური განცხადება”,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

მისივე განმარტებით, შიდა კვლევის საზოგადოებისთვის წარმოჩენა შიდა სამზარეულოს გარეთ გატანას ნიშნავს, რაც პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, არასწორია.

„როდესაც პოლიტიკური პარტია ატარებს თავის შიდა კვლევას, ბუნებრივია, ეს არის პარტიის კვლევა და შესაბამისად, ამის საზოგადოებისთვის წარმოჩენა ნიშნავს იმას, რომ შენ შენს შიდა სამზარეულოს გაიტან გარეთ, რაც არ არის სწორი და ბუნებრივია, ნდობა ვერ იქნება პარტიული კვლევის მიმართ მაღალი და ამიტომ არ არის Edison Research-ის კვლევის მიმართაც ნდობა მაღალი, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა. ყველა პარტიამ თავის შიდა კვლევა უნდა შეინახოს თავისთვის. ეს შიდა კვლევები ტარდება იმისთვის, რომ ჩვენ სწორად დავგეგმოთ საარჩევნო კამპანია. სწორად გავაკეთოთ საჯარო განცხადებები. ჩვენ ვიცით რა შედეგს ველოდებით ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ვიცით დაახლოებით როგორ გადანაწილდება მეორე მესამე ადგილები და სერიოზული რისკი აქვს ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს იმისა, რომ ის ვერ გავა საერთოდ მეორე ადგილზე და ეს ქმნის იმ ისტერიულ ფონს, რა ფონზეც გაკეთდა ნიკა გვარამიას განცხადება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0