სამედიცინო დაწესებულებების ინფექციური კონტროლის შესახებ ბრიფინგი გაიმართა

11/05/2016

სექტემბრიდან სამედიცინო დაწესებულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება სპეციალურ პორტალზე იქნება შესაძლებელი. სიახლის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა ისაუბრეს. ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ კონტროლზე კლინიკების მონიტოგინგი დაიწყო. უკვე შემოწმებულია 10 მსხვილი, მრავალპროფილური კლინიკა, სადაც სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა. მონიტორინგი საკონსულტაციო ხასიათისაა და სამედიცინო დაწესებულებებს ხარვეზების გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემათ. სამინისტროში გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრიც, სადაც სამედიცინო დაწესებულელების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ინფორმაცია მიიღონ კლინიკაში აუცილებელი ნორმების არსებობის შესახებ.
სამედიცინო დაწესებულებების ინფექციური კონტროლის პროცესი გრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მონიტორინგი სპეციალურად შედგენილი კითხავრის მეშვეობით ხორციელდება, ამას გარდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დაწესებულებაში არსებულ გარემოს უშუალოდ აკვირდებიან. მონიტორინგი 2 მიმართულებით ხორციელდება:
• სტაციონარული სამედიცინო გარემოსა და სათავსოების შეფასება
• ინფექციებზე კონტროლი
აღმოჩენილი დარღვევები უმეტესად საორგანიზაციო ხასიათისაა და ფინანსურ ნაწილს არ ეხება. შემოწმებული 10 სამედიცინო დაწესებულებიდან 80% აკმაყოფილებს გარემოს შეფასების ნაწილს. პრობლემურია სამედიცინო ნარჩენების მართვის საკითხი. რაც შეეხება ინფექციებზე კონტროლს, ამ მიმართულებით დაწესებულებების მხოლოდ 10% აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უკვე სექტემბრისთვის ყველა მსურველს საშუალება ექნება სამედიცინო დაწესებულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ პორტალზე მოიძიონ. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა კლინიკების შესახებ საკუთარი მოსაზრებები და კომენტარების დატოვონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0