სამელიორაციო სისტემების გაუმჯობესების მიზნით წელს დამატებით იგეგმება 4 მსხვილი პროექტის განხორციელება

31/03/2018

გიორგი კვირიკაშვილი:
“დღეს ჩვენ გორის საოლქო ორგანიზაციაში ვირჩევთ დელეგატებს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების” ყრილობისთვის, სადაც მოხდება პოლიტიკური გაერთიანების უმაღლესი ორგანოების არჩევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.
ჩემთვის არის ასევე უდიდესი პატივი, ვიმყოფებოდე ქალაქში, რომელიც არის საქართველოს გული, ქალაქში, რომელმაც გადაიტანა უდიდესი ტკივილი. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მივაბარეთ მიწას ერთი გმირი ქართველი ვაჟკაცის სხეული, რომელიც ვერ გატეხეს და რომელსაც ვერ ათქმევინეს ვერც ერთი სიტყვა ჩვენი სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. როდესაც ასეთი ისტორიები ხდება, ეს კიდევ უფრო განგვამტკიცებს შინაგანად და მეორეს მხრივ, ასევე გვიმყარებს რწმენას, რომ იმ პრაგმატულ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაზე და მშვიდობის შენარჩუნებაზე, ალტერნატივა არ გააჩნია. მე ქედს ვიხრი ყველა იმ მოქალაქის წინაშე, რომელიც ცხოვრობს ამ ულამაზეს ქალაქში და რომელმაც თავისი გმირული სულისკვეთება არაერთხელ ანახა მთელს ქვეყანას.
ასევე, ჩემთვის პატივია, ვიმყოფებოდე იმ შენობაში,რომელმაც საქართველოს არაერთი გამოჩენილი კულტურული მოღვაწე აჩუქა და რომელიც უდიდესი ტრადიციების მატარებელია.

მინდა, ჩვენი პარტიის ყველა აქტივისტს, ყველა ადამიანს, რომელიც გულანთებული იბრძოდა 2011 წლის შემოდგომიდან მოყოლებული იმ დიდი ეროვნული გამარჯვებისთვის, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა 2012 წელს და შემდგომ წლებში, გადავუხადო უდიდესი მადლობა, რადგან პარტიის თითოეული წევრის რწმენის, მისი აქტიურობის გარეშე წარმოუდგენელია წარმატება, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ.
მინდა, ჩვენი პარტიის აქტივისტებმა იცოდნენ ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები. სამწუხაროდ,ხშირად მასმედიით არ შუქდება ყველა იმ წარმატების შესახებ, ამიტომ, პარტიულ კონფერენციაზე გთხოვთ მოთმინებას და ყურადღებას, რათა ვისაუბრო ქვეყნის აღმშენებლობაზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, ვხედავთ უამრავ პრობლემას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ის წარმატებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს.

შიდა ქართლში ჩვენ დავასრულეთ რუისი-აგარისა და აგარა-ზემო ოსიაურის ჩქაროსნული 40 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა. ახლა მიმდინარეობს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. მისი ღირებულება 488 მილიონი ლარია.
მიმდინარეობს მდინარე ტანის ხეობაში საავტომობილო გზის სოფელ ატენი–ბოშურის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 6 მილიონ 500 ათას ლარს და მისი დასრულება წელს იგეგმება.

რეგიონში აშენდა 180 კილომეტრამდე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 70 მილიონი ლარამდე.
დასრულდა 54 სოფლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, რომლის ღირებულებამ 30 მილიონი ლარი შეადგინა.
გორის რაიონის სოფლების ზემო ნიქოზის, ქვემო ნიქოზის, და ზემო ხვითის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის შედეგად მოსახლეობა ისარგებლებს 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით. განხორციელდა სამელიორაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის 47 პროექტი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 35 მილიონი ლარი. შედეგად გაუმჯობესდა ჯამში 26 700 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წლით უზრუნველყოფა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების და სოფლის მეურნეობისათვის.
სამელიორაციო სისტემების გაუმჯობესების მიზნით წელს დამატებით იგეგმება 4 მსხვილი პროექტის განხორციელება, მათ შორის აღსანიშნავია ნადარბაზევის წყალსაცავის სადაწნეო მილსადენის აღდგენა-რეაბილიტაცია და მდინარე თეძამზე წყალსაცავის მშენებლობის დაწყება. პროექტის განხორციელება გადაჭრის მიმდებარე სოფლების 7 000 ჰა სასოფლო – სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხს. საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 60 მილიონ ლარს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში აშენდა საბავშვო ბაღი. ხაშურში მიმდინარეობს №8 საბავშვო ბაღის მშენებლობა, ღირებულება შეადგენს 700 ათას ლარს.

კასპში გაიხნა ბიოლოგიური სასუქის საწარმო, რომელშიც 120 ადამიანია დასაქმებული და პროექტის საინვესტიციო ღირებულება 17 მილიონი ლარია.

ქარელში გაიხსნა ხილის სპირტის გადამმუშავებელი საწარმო, დასაქმებულია 50 ადამიანი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია. პროექტის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 10 მილიონ ლარს.
ქარელში აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო – შპს ,,ახალი თევზი“, რომელიც წლის განმავლობაში 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზის წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში ჯამურად 1.500.000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნული საწარმო შეიქმნა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში. საწარმოში დასაქმებულია 70 ადამიანი. აქედან, პერსონალის 90% ადგილობრივი მცხოვრებია.
ქალაქ გორში გაიხსნა რძის გადამმუშავებელი კერძო საწარმო ,,ნებიერა,“ რომელიც აწარმოებს რძის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და დასაქმებულია 15 ადგილობრივი მცხოვრები. მემორანდუმის საფუძველზე რძის გადამამუშავებელი საწარმო ასევე უზრუნველყოფს გორის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტთა პრაქტიკულ გადამზადებას და სტაჟირებას. ნედლეულის შეძენა მთლიანად ხდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერებისგან.

მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით ჩვენ განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტი – „აწარმოე საქართველოში“. პროექტი გრძელდება და მის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში სულ მხარდაჭერილია 10 პროექტი, რაც მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროსა და ქონების მიმართულებებს. მათი ჯამური ინვესტიცია 8 მილიონ ლარამდეა. ამ პროექტების საშუალებით რეგიონში 200-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
მათ შორის არის, შიდა ქართლის სოფელ კარალეთში ხილის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც დასაქმებულია 70 ადამიანი და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში 30 ადამიანით დასაქმებული ხორცის გადამამუშავებელი საწარმო.

„აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტით მხარდაჭერილია 5 მილიონ 600 ათასი ლარის საინვესტიციო მოცულობის 3 პროექტი – კერამიკული აგურის, ქვიშა-ღორღისა და ყვავილის ღრუბლის საწარმოები ხაშურსა და კასპში. ამ პროექტების განხორციელების შედეგად, სულ შეიქმნა 50-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
ამავე პროგრამის სასტუმროს ინდუსტრიის კომპონენტით დაფინანსდა ერთი სასტუმროს მშენებლობა ქალაქ გორში, რომელიც რეგიონში შექმნის 20-ზე მეტ დამატებით ოთახს და 20-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტით, 2015-2017 წლებში 670-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში მათზე გაცემულია 3 მლნ ლარი.
რაც შეეხება ენერგეტიკულ პროექტებს, მუდმივად მიმდინარეობს პროექტები რეგიონის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველსაყოფად.

შიდა ქართლის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დამატებით 37 000 ოჯახს.
დასრულდა საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა გორის, ქარელის, კასპის, ხაშურისა და სხვა მუნიციპალიტეტების 58 სოფელში, რის შედეგადაც 13500-მდე ოჯახს მიეცა ბუნებრივი გაზის მოხმარების საშუალება.
პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში, ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში ჩაერთო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ქსოვრისისა და გაგლოანთუბნის 24 ოჯახი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთისა და ოქროსოფლის 38 ოჯახი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბესა და ცხავერის 114 ოჯახი და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღართას 20 ოჯახი.

2016 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 1,5 მგვტ სიმძლავრის შაქშაქეთის ჰიდროელექტროსადგური.
გორის მიმდებარედ აშენდა ქარის ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე შეადგენს 21 მეგავატს, ხოლო საინვესტიციო ღირებულებამ 35 მილიონი დოლარი შეადგინა.
მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად მშენებლობა-ლიცენზირების ეტაპზეა კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგური, რომლის სავარაუდო ინვესტიცია 56,5 მილიონი დოლარი იქნება. მიმდინარეობს კვლევები კიდევ რამდენიმე ქარისა და მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
მთავრობის ძალისხმევით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და კერძო სექტორის ჩართულობით არაერთი პროექტი ხორციელდება. მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები არის უკვე ხელშესახები.

მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროექტების საშუალებით გორის მუნიციპალიტეტში გაიხსნა 7 ახალი საწარმო და გაფართოვდა 64 საწარმო. მათი სრული ინვესტიცია 2 მილიონ 760 ათას დოლარზე მეტია.
მათ შორის, სოფელ კარალეთში გაიხსნა ხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელმაც ისარგებლა 350 000 აშშ დოლარით შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, შექმნა 75 სამუშაო ადგილი და ამარაგებს როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე პროდუქცია გააქვს ექსპორტზე.

სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“ განხორციელება არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ იმპორტირებული პროდუქცია ჩავანაცვლოთ ადგილობრივით, გავზარდოთ ექსპორტი და გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა განვახორციელოთ. ამ პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში 813 ჰექტარზე უკვე შენდება ახალი ხილის ბაღები. ამ ახალი ბაღების შემოსავალი კიდევ უფრო ხელშესახები გახდება რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ისინი შევა ექსპლუატაციაში.

სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის ხელშეწყობა. ის, რაც რთული და დაუძლეველია ერთი წვრილი ფერმერისთვის, შესაძლებელია გაერთიანებით. დღეისათვის გორის მუნიციპალიტეტში 48 კოოპერატივია რეგისტრირებული და მათ აქვთ სახელმწიფოს მხარდაჭერა.
გასულ წელს დავიწყეთ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამის – „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ განხორციელება. ამ პროგრამაში გორის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობს კოოპერატივი „მღებრიანი“, რომელშიც გაწევრიანებულია 17 მეპაიე, მიმდინარეობს კოოპერატივისათვის 800 ჰა-მდე სათიბ-საძოვრების 25-წლიანი იჯარით გადაცემისათვის პროგრამით დადგენილი პროცედურები.

ჯანდაცვის კუთხით გატარებულმა რეფორმებმა თვისებრივად შეცვალა მდგომარეობა, რაც განსაკუთრებით ჩანს რეგიონებში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სულ 178 997-მა პირმა ისარგებლა მარტო ამ რეგიონში, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან 54 784 768 ლარი დაიხარჯა.
C ჰეპატიტის აღმოფხვრის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 1674 ბენეფიციარი; მკურნალობა დაასრულა 1 680-მა პირმა; მკურნალობას გადის 97 პირი.
2017 წლის 1-ლი ივლისიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით 1423-მა პირმა ისარგებლა და სიმბოლურ ფასად 1 ლარად შეიძინა ძვირადღირებული მედიკამენტები.
30%-ით არის გაზრდილი სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი. შიდა ქართლის რეგიონს 133 სოფლის ექიმი და 159 ექთანი ემსახურება.

შიდა ქართლის რეგიონში პირველი დონის 2 და მეორე დონის 3 სამშობიარო დაწესებულებაა. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამით სულ 24 958-მა პირმა ისარგებლა. რეგიონის 18 სოფელში ახალი ამბულატორია აშენდა. ეს სოფლებია: ფლავი, ქვემო არცევი, აძვი, ძარიაშენი, კირბალი, ხვითი, მეღვრეკისი, ერგნეთი, ქერე, ქორდი, წითელუბანი, რენე, თვაურები, თამარაშენი, კოდა, ავლევი, ბრეძა და ატოცი.
განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სამედიცინო წესით აღჭურვილი, მაღალი და საშუალო გამავლობის 17 ახალი ავტომობილით; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები სრულად არის აღჭურვილი სამედიცინო ინვენტარით, რაც პირველადი დახმარების ხარისხიან მიწოდებას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება დევნილთა განსახლების საკითხს, 2012 წლიდან დღემდე, შიდა ქართლის რეგიონში რეაბილიტირებულ შენობებსა და ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 869 დევნილ ოჯახს გადაეცა, ხოლო საცხოვრებელი ფართობი დაუკანონდა 2535 დევნილ ოჯახს. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 127 დევნილი ოჯახისთვის იქნა შესყიდული.

საჯარო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, 2018 წელს დაიწყება იუსტიციის სახლის მშენებლობა შიდა ქართლის რეგიონის დაბა ქარელში. 2012 წლიდან საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევსა და ტყვიავში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში.

2014-2017 წლებში ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის მიზნით, მათი ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 108 ყოფილი პატიმრის 106 ბიზნესიდეა დაფინანსდა. საერთო ჯამში იუსტიციის სამინისტრომ ამ მიზნით დაახლოებით 480 ათასი ლარი გასცა. შიდა ქართლის რეგიონში 15 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და მომსახურების დარგებში. რაც შეეხება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას – აშენდა ახალი საჯარო სკოლა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში, რომელიც გათვლილია 120 მოსწავლეზე.
განხორციელდა 28 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ხოლო 79 საჯარო სკოლა დაფინანსდა სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. დაფინანსდა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
მიმდინარეობს 2 საჯარო სკოლის მშენებლობა – ესენია ქალაქ კასპის 100 მოსწავლეზე გათვლილი №1 საჯარო სკოლა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა, ხოლო რეაბილიტაცია უტარდება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის 240 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას.

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს პროფესიული-საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი 4 სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება, აქედან 3 ქალაქ გორში, ხოლო 1 დაბა აგარაში.
2016 წლიდან დაბა აგარის 900 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა ერთადერთი საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გახდა, რომელმაც უფლება მოიპოვა, პარალელურ რეჟიმში განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. სკოლა აღიჭურვა შესაბამისი ახალი ტექნიკით.
დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაფუძნებლად.
დაგეგმილი გვაქვს უფლისციხის კომპლექსის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. რაც შეეხება სპორტულ ინფრასტრუქტურას, ქალაქ კასპში აშენდა სპორტული კომპლექსი, რომლის ღირებულება 3 მილიონ 500 ათასი ლარია.

ქალაქ გორში აშენდა სპორტის სასახლე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 25 მილიონი ლარი.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონს, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1 300 000 ლარი.

ხაშურში აშენდა სპორტკომპლექსი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 2 მილიონ 300 ათასი ლარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რომლის ღირებულებაც 700 ათას ლარს შეადგენს.
ასევე ხაშურში იგეგმება ცენტრალური სტადიონის მშენებლობა. რომლის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონი ლარია. სამუშაოები განხორციელდება 2018 – 2019 წლებში;

ეს გახლავთ რიგი იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს გაწეული სამუშაო არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თითოეულმა ოჯახმა ამის შედეგი საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს, მაგრამ მინდა, ჩვენს თითოეულ პარტიულ აქტივისტს, თითოეულ ადამიანს,რომელიც პარტია “ქართული ოცნების” რიგებში იღწვის სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის,ჰქონდეს სიამაყის განცდა იმისათვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჰქონდეს სიამაყის განცდა იმიტომ,რომ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება” არის დღეს ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს ძალა, ჩვენი ქვეყანა იმ საბედისწერო ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანოს და გადადგას რეალური ნაბიჯები ქვეყნის გამთლიანებისთვის, რომლის რესურსიც არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას ქვეყანაში არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, ეს გვაკისრებს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, რათა ჩვენი ყველა ნაბიჯი იყოს გათვლილი და მიმართული იყოს იმისკენ, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ვაშენოთ კეთილდღეობა თითოეული ოჯახისთვის.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პარტიული მუშაკების მუშაობა და ეფექტურობა, რომლებთანაც ჩვენ დღეს გვაქვს შეხვედრები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, პარტიულ ორგანოებში არჩეულნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მოიტანენ თქვენს ტკივილს პარტიის ცენტრალურ მმართველობით ორგანოებში. რა თქმა უნდა, ერთად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ააშენებს იმ კეთილდღეობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება.
მინდა, მადლობა გადავუხადო მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებსაც თქვენი ტკივილი მოაქვთ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მე არაერთი შეხვედრა მქონია ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ფარგლებში მათთან, რათა გადაგვეწყვიტა რეგიონში არსებული რეალური პრობლემები. მინდა, კიდევ ერთხელ, ყველა თქვენგანმა იგრძნოს, რა მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი იმ წარმატებებში, რომლებზეც მე ვისაუბრე, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც თქვენ აკეთებთ, რათა ჩვენ ერთობლივად გავაერთიანოთ ის გუნდი, რასაც პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება” ჰქვია.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი და რწმენა იმისა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ, ავაშენოთ ის სანატრელი საქართველო, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ოცნებობდა, როდესაც რეფერენდუმში ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს სრულიად ახალ ტრაექტორიას. ეს შემდგომში უკვე მრავალი ავბედითი ტალღის საფუძველი გახდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიღო, არ იქნება უშედეგო და ამის პასუხისმგებლობა ჩვენ გაგვაჩნია და ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ღირსეულად უნდა ვატაროთ.”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0