სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორის და სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად ასაკობრივი შეზღუდვა უქმდება

24/04/2017

სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორის და სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ასარჩევად ასაკობრივი შეზღუდვა აღარ იარსებებს. მთავრობამ პარლამენტს “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დირექტორის თანამდებობასა და სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წლის ასაკს მიღწეული პირის არჩევის შეზღუდვა უქმდება.
როგორც მთავრობა განმარტავს, ასაკობრივი ბარიერის გაუქმების ინიციატივა განპირობებულია სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების პერსონალის ასაკობრივი შემადგენლობითა და სპეციფიკით.
“აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა ღვაწლმოსილ მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, დაიკავოს დაწესებულების ადმინისტრაციული თანამდებობა“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
მოქმედი კანონით, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს ან დაინიშნოს პირი, რომლის ასაკი 65 წელს აღემატება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0