სამთავრობო ცვლილებების საჭიროება არ არის, თუმცა, ეს პრემიერმინისტრის პრეროგატივაა

12/03/2019

„მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. ახალი ჩამოყალიბებულია მთავრობის შემადგენლობა და მე თუ მკითხავთ ამის საჭიროება არ არსებობს. თუმცა, ზოგადად, ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა თანამდებობა იუსტიციის მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმაც დატოვონ.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე, ის პრემიერმინისტრთან საუბრის შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

„საკადრო ცვლილებები მთავრობაში არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა. შესაბამისად, ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვუსმინოთ, რა თქმა უნდა, პრემიერ მინისტრს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩვენ არ გვქონია ამაზე საუბრის საშუალება, თუმცა, უახლოეს დღეებში აუცილებლად გვექნება საუბარი ამ თემაზე და მისგან მოვისმენთ ინფორმაციას. გამომდინარე იქიდან, რომ მე არ მაქვს ინფორმაცია, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, ჯერ ჯერობით თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან. მას შემდეგ, რაც ვისაუბრებთ პრემიერ მინისტრთან, შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, თეა წულუკიანი მმართველი გუნდის ღირებული წევრია. ჟურნალისტების კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი, შესაძლოა, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანებას უკავშირდებოდეს.

„თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ძალიან ღირებული წევრი. ის არის მინისტრი 2012 წლიდან. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ვალია მას მოვუსმინოთ და ასეთ რეჟიმში წარიმართება, რა თქმა უნდა, პროცესი. იქნება, ალბათ, კომუნიკაცია, პირველ რიგში მინისტრსა და პრემიერმინისტრს შორის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის არსებითად პრემიერ მინისტრის მიერ გადასაწყვეტი საკითხი და ამის შემდეგ გვექნება ჩვენ რა თქმა უნდა საუბარი, უფრო ფართო ფორმატში. ეს იყო ერთიანი რეფორმის შემადგენელი ნაწილი. როგორც მოგეხსენებათ, ორჯერ იყო მიღებული სხვადასხვა დროს გადაწყვეტილება სამინისტროების გამსხვილების თაობაზე. ეს იყო ერთიანი კონცეფციის შემადგენელი ნაწილი. ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ პროცესებს სამინისტროებში და შეიძლება გარკვეული გადაწყვეტილებები გადაისინჯოს. ვნახოთ, ამაზეც უნდა გვქონდეს ჩვენ კონსულტაციები მთავრობასთან ერთად. ასეთი კონსულტაციების საფუძველზე თუ გაირკვა, რომ რაიმე რეორგანიზაცია არის დამატებით საჭირო მთავრობაში, ამაზე ვიმსჯელებთ მთავრობა და პარლამენტი. ამასთან დაკავშირებით, ინიციატივა ეკუთვნის პრემიერმინისტრს და მთავრობას, იმიტომ, რომ მხოლოდ მთავრობის ინიციატივის საფუძველზე განიხილავს პარლამენტი საკითხებს მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. თუ იქნება ასეთი ინიციატივა პრემიერის, მთავრობის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ განხილვისათვის.
ბევრი სპეკულაცია გვესმის ჩვენ არა მარტო ახლა, წლების განმავლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთი და იგივე მინისტრი, მაგალითად, მედიამ ათჯერ მაინც გადააყენა, თუმცა, ისინი იკავებენ ჯერ ჯერობით საკუთარ პოზიციებს. ზოგიერთი გამართლდა, ამაშიც გეთანხმებით. ამიტომ, ჯობია დაველოდოთ ჩვენ მოვლენებს. ვნახოთ, რას გვეტყვის მთავრობა ამ საკითხებთან დაკავშირებით და შემდეგ გავაკეთებ კონკრეტულ კომენტარს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0