სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია

02/11/2017

პროექტ „ვარძიის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგნეტო, ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდთან (ფონდი „ქართუ“) ერთად, ვარძიის მუზეუმ ნაკრძალის მასშტაბურ რეაბილიტაციას განაგრძობს. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია და ტურისტული ნაკადების მისაღებად ფუნქიონალურად მზადაა.
დასრულდა მუზეუმ ნაკრძალის ფასადზე 2 წლიანი სამუშაო პროცესის შედეგად გამოვლენილი 8 იარუსიანი ქვაბულების ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა. ახალ უბანზე, რომელმაც ვარძიის ვიზუალური აღქმის სივრცე 1/5 ით გაზარდა, უკვე დამონტაჟდა მეტალის კიბეები, მოაჯირები და საკომუნიკაციო ხიდები. ტურისტულ ბილიკებზე მოეწყო მოსასვნებელი სკამები და 3 წყარო.
მიმდინარე წელს დასრულდა ვარძიის ფასადის კრიტიკული სეგმენტების სარესტავრაციო სამუშაოების მე-2 ეტაპიც, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კლდოვანი მასივების ანკერული ბურღვების მეთოდით გამაგრებას გულისხმობს.
დაიწყო მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაც, რომლიც მიმდებარედ უკვე მოეწყო ახალი ავტოსადგომი. უახლოეს მომავალში კომპლექსის ფერდზე მესხური ტერასებიც აშენდება, რაც მზარდი ტურისტული ნაკადის მომსახურების საშუალებას უზრუნველყოფს.
2017 წელს სააგენტოს დაკვეთით განხორციელდა ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ციფრული სკანირება. ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების 26 პუნქტიანი გეგმა მუზეუმ – ნაკრძალის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონების მოწყობასა და სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, მოიცავს ახლადგამოვლენილი კლდოვანი ქვაბურების არქეოლოგიურ გაწმენდას, ანაზომების შესრულებას და არქეოლოგიური ანგარიშის მომზადებას. არქეოლოგიური გაწმენდითი სამუშაოებისას გამოვლენილი არტეფაქტები დამუშავდა და მუზეუმ-ნაკრძალის ფონდს გადაეცა.
პარალელურად გრძელდება ისტორიულ–არქიტექტურული კომლექსის სხვადასხვა ზონებზე ქვისცვენის საწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც ცალკეული ადგილების გასუფთავებას, საფიქსაციო ბადის გაკვრასა და დამცავი საყრდენი კედლის მოწყობა–მოპირკეთებას გულისხმობს.
გრძელდება ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებიც. დაზიანებული კედლის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, სამშენებლო დეველოპერული კომპანია “მონოლით ჯგუფი” აფინანსებს, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციაში კერძო სამრეწველო ჯგუფის ჯგუფის ფინანსური ჩართულობის პირველი პრეცედენტია.
რესტავრაციის დამასრულებელ მე-3 ეტაპს, რომელიც დაზიანებული კედლის მხატვრობის კომპიუტერული ანალიზისა და მიკროსკოპული კვლევების საფუძველზე ჭვარტლის ნაწილაკებისაგან გასუფთავებას გულისხმობს, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი ახორციელებს. 1 წლიანი სამუშაოების შედეგად, რომელიც ქართველმა რესტავრატორებმა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად წარმართეს, XII საუკუნის ფრესკებმა უკვე მიიღეს ხანძრამდელი იერსახე.
გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდგომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო პრევენციული ღონისძიებებისთვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ინტერიერში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობის, ტემპერატურის რეგულირებისა და სპეციალური განათების სისტემის მოწყობას გეგმავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0