სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, არტაანის გუბერნატორის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით მეზობელი თურქეთის მოსაზღვრე რეგიონს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი სამცხე-ჯავახეთსა და არტაანის გუბერნიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ერთობლივ ტრანსსასაზღვრო პროექტებზე მსჯელობა იყო.
არტაანის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან იბრაჰიმ ოზეფესთან გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა სასაზღვრო რეგიონებს შორის აქტიური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მხრივ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, მისი მოადგილე ანზორ სვანიძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე. შეხვედრებს ესწრებოდნენ ტარპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე და მისი მოადგილე გიორგი ყუშიტაშვილი.