24 თებერვლიდან საქართველოში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის რეგიონული თამაშები იწყება, რომელიც აპრილის ბოლომდე გასტანს. ოლიმპიადის სამზადისსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების კულტურისა და სპორტის სამსახურების წარმომადგენლებმა.
სასკოლი სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მე-4 წელია ტარდება. „ოლიმპიადა 2018“-ში 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სამცხე ჯავახეთის რეგიონულ თამაშებს, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს, ქალაქი ახალციხე უმასპინძლებს. შემდეგი ეტაპი – ზონალური თამაშები მაისში გაიმართება, ივნისის ბოლოს კი ოლიმპიადის ფინალურ თამაშებში საქართველოს ჩემპიონები გამოავლინდებიან. ფინალისტები 2018 წლის ჩემპიონის სტატუსს მოიპოვებენ,რომლებიც მომავალი 2019 წლის ჩემპიონებს სუპერფინალში შეხვდებიან და 2020 წელს მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზურისათვის იბრძოლებენ.
სამხარეო ადმინისტარციაში გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს, ასევე „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის შედეგებიც. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქუთაისში გამართულ ფინალურ თამაშებში, გეზრბენში გამარჯვება მოიპოვა ქალაქ ახალციხის N 3 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა. შედეგად, ახალციხელმა მოსწავლეებმა მიმდინარე წელს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, 2- 7 აპრილს დაგეგმილ მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობის საგზური მოიპოვეს.
ოლიმპიადა 2018-ის გენერალური სპონსორია VTB ბანკი.
დღესვე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებს VTB ბანკისგან საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადაეცათ.