სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა სამხარეო ადმინისტრაციაში

08/05/2017

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უძღვებოდა.მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა საკონსულტაციო საბჭოს მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, იმსჯელეს 2017 წელს დაგეგმილი პროექტების, მათი სატენდერო პირობების, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ.
მხარის გუბერნატორმა გამგებლებს მუნიციპალიტეტებში დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის კუთხით კიდევ უფრო გააქტიურებისკენაც მოუწოდა. მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ სეზონს მხარე მომზადებული დახვდეს.
ისაუბრეს 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზეც. აღინიშნა რომ, ვეტერანებთან შეხვედრები გაიმართება მხარის ყველა მუნიციპალიტეტში, მოეწყობა საზეიმო სვლა ძმათა სასაფლაოებზე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ყვავილებით შეამკობენ ომში დაღუპულთა საფლავებსა და ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალებს. საზეიმო ცერემონიალის გარდა, მუნიციპალიტეტები ვეტერანებს სადილით გაუმასპინძლდებიან და ფულად დახმარებასაც გაუწევენ.
სხდომას გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე, სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების უფროსები, ქ. ახალციხის მერი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.
აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა მიმდინარე წლის 20 თებერვალს გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0