სანაპირო ზოლზე დათვის ბელის უკანონო დატყვევების ამსახველ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

16/08/2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ, სანაპირო ზოლზე დათვის ბელის უკანონო დატყვევების ამსახველ ფოტოსთან დაკავშირებით:
15 აგვისტოს, “ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ასახულია ქობულეთში, ზღვის სანაპირო ზოლზე, მოქალაქის მიერ დათვის ბელის უკანონო დატყვევებისა და დამსვენებლებთან ფოტოების გადაღების მიზნით, გარეული ცხოველის გამოყენების ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განმარტავს, რომ აღნიშნული ფოტო რამდენიმე წლის წინაა გადაღებული და სოციალურ ქსელებში 2013 წლის აგვისტოში გავრცელდა. მურა დათვის ბელის უკანონოდ დატყვევების ფაქტზე დეპარტამენტმა მაშინვე მოახდინა შესაბამისი რეაგირება – მოქალაქის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ხოლო დათვის ბელი, დროებით შენახვის მიზნით, ქალაქ ბათუმის ზოოლოგიურ პარკს მიბარდა.
დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2017 წელს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, დამსვენებლებთან ფოტოების გადაღების მიზნით გარეული ცხოველების უკანონო დატყვევების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ამასთან, დეპარტამენტი კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს თხოვნით, მსგავსი სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია) და დეპარტამენტის შესაბამისი სამსახური მყისიერად მოახდენს რეაგირებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0