ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო დებატებში მინისტრების მონაწილეობაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონსულტაციები უნდა შედგეს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ნებისმიერ დროს თავადაც ჩაერთოს აღნიშნულ კონსულტაციებში.
„რაც შეეხება „გაზპრომის“ საკითხს, ეს საკითხი დასვა ოპოზიციამ, მათი სურვილია, რომ ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ჩაერთოს საპარლამენტო დისკუსიებში ამ კუთხით. გუშინაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განვიხილეთ ეს საკითხი. რა თქმა უნდა, კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს ენერგეტიკის მინისტრთან და მე გამოვთქვი, მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მეც ჩავერთო კონსულტაციებში“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, გარდა ენერგეტიკის მინისტრისა, ოპოზიცია პარლამენტში იბარებს ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებსაც, ასევე დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონსულტაციები უნდა გაიმართოს.
„რაც შეეხება მინისტრების მონაწილეობას საპარლამენტო დებატებში, ამასთან დაკავშირებით უნდა შედგეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონსულტაციები და მე კიდევ ერთხელ გამოვთქვი მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ნებისმიერ დროს ჩავერთო ასეთ კონსულტაციებში. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სწორი პრაქტიკა პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობების და ამ კუთხით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდება“, – განაცხადა კობახიძემ.