საპარლამენტო ოპოზიცია გამძლეობაში გამოცდას გვიწყობს

23/02/2017

“სამწუხაროა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, ოპოზიცია მხოლოდ დროის გაჭიანურებაზე არის გადასული. მათ არ აინტერესებთ შინაარსი”,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია ცდილობს, პროცედურულად გააჭიანუროს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონი.
“ისინი არ მსჯელობენ არსებით საკითხებზე, უბრალოდ დრო გაჰყავთ. მთელი ის სცენა, რაც გუშინ ხდებოდა პარლამენტში და დღესაც იგივე განმეორდება, ეს არის გამძლეობაში გამოცდა, დროის გაყვანის თვალსაზრისით. დაღლით ნამდვილად არ დავიღლები რამდენი საათიც არ უნდა ვიდგე ტრიბუნასთან. ჩემი ვალდებულებაა, რომ იმ ჯგუფთან ერთად, ვინც მოამზადა ცვლილებების ეს პაკეტი, იმ ვადაში მივიღოთ ეს მოდელი, რა ვადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვრა. ამიტომ დროში ვართ შეზღუდული. პაკეტი არის საკმაოდ დიდი და რთული, თუმცა ეს არის ნაბიჯი წინ და არა ნაბიჯი უკან. ჩვენ გვქონდა ე.წ ორი გასაღები და ახლა გვაქვს სამი. ვაძლიერებთ ექვსი დონის კონტროლით ამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა სისტემას და ვერავინ ვერ იტყვის, თუ რომელი პუნქტით შესუსტდა კონტროლის სისტემა და ვერავინ ვერ მოიყვანს არგუმენტს, თუ რა ასპექტში იყო უფრო ძლიერი მოდელი და რითი დავიხიეთ უკან. ამაზე ერთადერთი არგუმენტიც კი არ მომისმენია, გარდა არაფრის მთქმელი ერთიდაიგივე კითხვებისა, რაც ისმოდა გუშინ სხდომაზე დროის გაყვანის მიზნით,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0