საპარტნიორო ფონდში პოლიტიკურ ცენტრ „გირჩთან“ შეხვედრა გაიმართა

13/04/2017

საპარტნიორო ფონდში პოლიტიკურ ცენტრ „გირჩთან“ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ ინიციატივით შედგა. პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ პროექტ, „ვიკინგების“ ფარგლებში საპარტნიორო ფონდის საქმიანობით დაინტერესდა და მათთვის საინტერესო შეკითხვები ფონდის მისამართით საჯაროდ დასვა. პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ყველა საინტერესო შეკითხვაზე პასუხი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძისგან და ფონდის წარმომადგენლებისგან მიიღო. საპარტნიორო ფონდი მიესალმება მსგავს ინიციატივებს და მზად არის კონსტრუქციული დისკუსიისთვის. კომერციული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაციის გარდა საპარტნიორო ფონდის საქმიანობა საჯაროა და გამჭვირვალე. ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს დაინტერესებულ ჯგუფებთან გახსნილ თანამშრომლობაზე. გთავაზობთ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ შეკითხვებთან დაკავშირებით ფონდის ოფიციალურ პასუხებს. პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის“ და სს „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებს შორის გამართული პირველი საჯარო შეხვედრა თბილისი, 11 აპრილი 1. თქვენმა ფონდმა დააფინანსა სავაჭრო ცენტრის მშენებლობა სოფელ რუხში. ამ პროექტზე დახარჯეთ საქართველოს გაჭირვებული მოქალაქეების კუთვნილი 15 მილიონი დოლარი. დღეს ეს სავაჭრო ცენტრი, უფრო სწორად, მისთვის განკუთვნილი შენობა, რეალურად უფუნქციოდ დგას. ვინ აგებს პასუხს განიავებულ 15 მილიონ დოლარზე? გრძნობთ თუ არა რაიმე სახის პასუხისმგებლობას? საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის №1572 განკარგულების თანახმად, სს „საპარტნიორო ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) შვილობილ კომპანია შპს „რუხის სავაჭრო ცენტრს“ დაევალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. აღნიშნულის შესაბამისად, კომპანიის მიერ 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, რომლის შენობების საერთო სამშენებლო მოცულობა შეადგენს 10 000 კვადრატულ მეტრს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი – 5 ჰექტარს. საერთო ჯამში, ცენტრი 10 შენობითა და 50-მდე მაღაზიითაა წარმოდგენილი. შენობები აგებულია ევროპული სტანდარტების დაცვით, სრულად უზრუნველყოფილია რემონტით, ყველა საჭირო კომუნიკაციით და გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის თანამედროვე სისტემებით. 2016 წლის მარტში ოპერირება დაიწყო სავაჭრო ცენტრმა, სადაც წარმოდგენილია სავაჭრო, მომსახურებისა და სერვისების მიღების როგორც ბრენდული, ასევე არაბრენდული მაღაზიები, მათ შორის: სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი „გორგია“, ავტოსერვისი და ავტონაწილების მაღაზია „თეგეტა მოტორსი“, ავეჯის სახლი „ბელუქსი“ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის დიდი და პატარა ზომის მაღაზიები. პროექტის საინვესტიციო მოცულობაა 15 მილიონი ლარი, რომლიდანაც ზემოაღნიშნულ სამუშაოებზე დახარჯულია 11 მილიონი ლარი. 2. 2016 წელს საპარტნიორო ფონდმა „ჰუმანითი ჯორჯიას“ მისცა სესხი 30 მილიონი დოლარის ოდენობით. ჰუმანითი ჯორჯიას მფლობელი კომპანია დაარსდა 2015 წელს, ანუ სესხის აღების მომენტისთვის არანაირი გამოცდილება სამედიცინო სფეროში მუშაობის არ გააჩნდა. ამავე დროს, ამ კომპანიის მენეჯმენტში არის თქვენი ხელმძღვანელის ძმისშვილი, გიორგი საგანელიძე. გაგვიჩნდა ეჭვი, ხომ არ აქვს ადგილი კორუფციულ გარიგებასა და ნეპოტიზმს საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე. თქვენი აზრით, რამდენად გონივრულია ჩვენი ეჭვი? თუ უბრალოდ გიჟები ვართ? სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ მედიკამენტების წარმოების პროექტის განხორციელებაში პარტნიორებს წარმოადგენენ სს „ჰუმანითი ჯორჯია“ და ავსტრიაში დაფუძნებული კომპანია „Humanity Holding GmbH”. პროექტის განხორციელებისათვის მხარეებს შორის გაფორმებულია 2 ძირითადი ხელშეკრულება – სესხის ხელშეკრულება და პარტნიორთა შეთანხმება. ა)სს „ჰუმანითი ჯორჯია“ დარეგისტრირებულია ავსტრიაში 2015 წლის 29 აპრილს, რომელიც გახლავთ საერთშორისო ტრანსნაციონალური კომპანია „ჰუმანითი ჰოლდინგის“ შვილობილი იურიდიული სუბიექტი. „ჰუმანითი ჰოლდინგი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ოპერირებს და მის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზეა მოცემული. კომპანია დარეგისტრირდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ჰუმანითი ჰოლდინგის“ მენეჯმენტმა გამოხატა ინტერესი საქართველოს ბაზარზე საქმიანობის შესახებ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით გადაწყდა აღნიშნული კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა, შესაბამისად 2015 წლის 29 აპრილს ავსტრიაში დაარსდა „ჰუმანითი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“. „ჰუმანითი ჯორჯიას“ დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელი პირების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არის საჯარო და წარმოდგენილია საჯარო რეესტრში. ბ) ფონდის მიერ აღნიშნული კომპანიისთვის არ არის გაცემული 30 მილიონი აშშ დოლარი, არამედ გაცემულია სესხის სახით 9 359 438 აშშ დოლარი. თავდაპირველად მთავრობის განკარგულებით ფონდსა და „ჰუმანითი ჯორჯიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც ფონდის მხრიდან ხელს აწერს ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელი, „ჰუმანითი ჯორჯიას“ მხრიდან კი კომპანიის დირექტორი ანდრეი კუზმა. ხელშეკრულებით გათავალისწინებული ვალდებულებით „ჰუმანითი ჯორჯიას“ უნდა შეესწავლა საქართველოში ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხი. მანამდე, „ჰუმანითი ჯორჯია“ იღებდა ვალდებულებას საქართველოში შემოეტანა 300-მდე დასახელების მედიკამენტი ისეთი ფასებით, რომელიც დაახლოებით 30%-მდე შეამცირებდა ადგილობრივ ბაზარზე წამლების ღირებულებას. ამ მიზნით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ფონდი გამოუყოფდა კომპანიას კრედიტს, რომელიც შემდეგ კონვერტირებული იქნებოდა ქარხნის საწესდებო კაპიტალში. რის შემდეგაც აღნიშნულმა კომპანიამ საქართველოში მედიკამენტების შემოტანა დაიწყო, რასაც ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების შემცირება და ბაზარზე მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან საფასო პოლიტიკის გადახედვა მოჰყვა. წამლები ზოგ შემთხვევაში 30%-ზე მეტად გაიაფდა. დადებით ეფექტზე საუბრობდნენ მედიასაშუალებებიც. ამის პარალელურად კომპანია „ჰუმანითი ჰოლდინგისა“ და მისი შვილობილი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც 900-მდე დასახელების მედიკამენტის წარმოებას ითვალისწინებდა აჩვენა, რომ აღნიშნული ქარხნის მშენებლობა არარენტაბელური იქნება, ამიტომ ამ ეტაპზე ქარხნის მშენებლობის პროცესი შეჩერდა, შესაბამისად ფონდის მხრიდან ტრანშების გაცემაც შეჩერდა და ვინაიდან უკვე გაცემული კრედიტის ( 9 359 438 აშშ დოლარი ) კაპიტალიზაცია ქარხანაში ვეღარ მოხდებოდა კომპანიის მიმართ მოთხოვნილი იქნა გაცემული თანხის შესაბამისი საბანკო გარანტიები, პარტნიორის მიერ წარმოდგენილი იქნა 9 მლნ დოლარის გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტია და ამას გარდა დამატებით გარანტიაში ჩაიდო 3 მლნ 100 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მიწის ფართი. მიწის შესახებ აუდიტორული დასკვნა მოამზადა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, შესაბამისად ფონდის მიერ გაცემული კრედიტი უზრუნველყოფილია, როგორც საბანკო გარანტიით, ასევე დამატებით, კომპანიის სხვა უძრავ-მოძრავი ქონებითა და წამლების მარაგებით, რაც ღირებულებით ფონდის მიერ გაცემულ კრედიტს მნიშვნელოვნად აღემატება. გ) ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ძმისშვილი გიორგი საგანელიძე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიაში“ აყვანილ იქნა სამუშაოდ კომპანიის დარეგისტრირების დღიდან ( 2015 წლის 29 აპრილი). ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში მოხსენიებულია, როგორც თარჯიმანი, რომელიც აკეთებდა ზუსტ თარგმანს ნოტარიული სამსახურისთვის. მას სადამფუძნებლო სტრუქტურებში არანაირი ურთერთობა არ აქვს. რაც შეეხება მენეჯმენტში, ის აღნიშნული პერიოდიდანვე მუშაობს კომპანიის ერთ-ერთი დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო დავით საგანელიძე ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა 2015 წლის ოქტომბერში, ანუ 6 თვის შემდეგ რაც გიორგი საგანელიძე მუშაობდა აღნიშნულ კომპანიაში. ასევე, ხელშეკრულება „ჰუმანითი ჯორჯიასა“ და ფონდს შორის გაფორმდა დავით საგანელიძის ფონდში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე. ამ დროისათვის გიორგი საგენელიძე არ იკავებს თანამდებობას „ჰუმანითი ჯორჯიაში“ 3. ინფორმაცია საპარტნიორო ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, როგორიცაა წილების შესყიდვა, ინვესტიციების განხორციელება, სესხის გაცემა და სხვ., რომლებიც მტკიცდება მთავრობის განკარგულებით, მაგალითად, მთავრობის განკარგულებების 203-6, 1944, 1635 საფუძველზე დადებული ხელშეკრულებები, არის გასაიდუმლოებული. რატომ მალავთ საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ქონებიდან მიღებული თანხების განკარგვის შესახებ ინფორმაციას? ფონდი წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტს, რომლის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებები წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. რადგანაც ფონდი წარმოადგენს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიას მის მიერ გასაფორმებელი ზოგიერთი ხელშეკრულება საჭიროებს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებას. შესაბამისად აღნიშნული საქართველოს მთავრობის განკარგულებები („სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 სექტემბრის N1944, 2016 წლის 4 აგვისტოს N1635 და „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სესხის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის N 2036 განკარგულებები) თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილისა და ინფორმაცია, მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოებად (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა). ამასთანავე ფონდის მიერ განხორციელებული ყველა პროექტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, საჯაროა. თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის მიეწოდება სხვადასხვა მედია საშუალებებს და დაინტერესებულ პირებს და განთავსებულია ფონდის ვებ-გვერდზე www. Fund.ge. 4. . საპარტნიორო ფონდი სხვადასხვა ფორმით აფინანსებს ბიზნეს პროექტებს, რომლებსაც არ აფინანსებს არც ერთი სხვა საფინანსო ინსტიტუტი. ანუ, ამ პროექტებში, ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა სპეციალიზაციაც არის რისკების დეტალური შეფასება, ხედავენ ისეთ რისკებს, რომ უარს ამბობენ მათში ფულის ჩადებაზე. თუ კერძო ფინანსური ინსტიტუტები არ რისკავენ საკუთარი ფულის ჩადებას ამ პროექტებში, თქვენ რა უფლებით რისკავთ ჩვენი ფულის ჩადებას? და რა ბერკეტები გვაქვს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომ პასუხი გაგებინოთ თუ ფულს არასწორად დააბანდებთ? „სააქციო საზოგადოების -საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ფონდის მიზნებია, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულებისათვის ხელის შეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება, მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა და ა.შ. ფონდი ფინანსურ პარტნიორობას უწევს კერძო ინვესტორებს, რაც საშუალო და გრძელვადიან თანადაფინანსირებაში გამოისახება. იგი პასიური პარტნიორის როლში იღებს მონაწილეობას როგორც Greenfield (ახალი ბიზნეს ინიციატივები), ისე Brownfield პროექტებში (ინვესტიცია არსებულ ბიზნესში), წინასწარ განსაზღვრული გასვლის სტრატეგიით. ფონდი პროექტში თავისი მონაწილეობის პარალელურად, ასევე ხელს უწყობს პროექტებისთვის უპირატესი დაფინანსების მოპოვებას კომერციული წყაროებიდან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. დაფინანსება ფონდის მხრიდან ხდება კაპიტალში მონაწილეობით და ზოგიერთ შემთხვევაში სუბორდინირებული (კონვერტირებადი და არა-კონვერტირებადი) სესხების მეშვეობით. ფონდის მიერ განხორციელდა არაერთი წარმატებული ბიზნესპროექტი რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე www. Fund.ge. 5. თქვენი აზრით, არსებობს თუ არა პირდაპირი კორელაცია საპარტნირო ფონდის ეფექტურ მუშაობასა და მისი ხელმძღვანელის უახლესი და უძვირესი მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილებას შორის? რამდენად მზადაა ბ-ნი დავით საგანელიძე, დასჯერდეს თვეში 33,000 ლარის შემოსავალს და გააგრძელოს ქვეყნისთვის შრომა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეები უარს ვეტყვით მას ასეთი ავტომობილით სარგებლობის ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებაზე? ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 4 სექტემბრის N1-1-1727 ბრძანებით ფონდის კაპიტალში შეტანილ იქნა ქონება, მათ შორის ავტომანქანა MERSEDES –BENZ S500, სახელმწიფო ნომრით OXO-010 და რეგისტრირებული იქნა ფონდის საკუთრებად 2012 წელს. ბ) ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს ფონდის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის და იუსტიციის მინისტრები, აგრეთვე სამი კომერციული ბანკის, სს თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის და ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელი პირები. საბჭოს ხელმძღვანელობს პრემიერ მინისტრი. მათი გადაწყვეტილების შესაბამისად ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურება განისაზღვრება 21 000 ლარით (გადასახადების ჩათვლით). გ) ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დარიცხული ხელფასიდან დახმარებას უწევს შემდეგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს: გ.ა) ააიპ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მ. იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის მე-6 ხელოვნების სკოლა; გ.ბ) სსიპ ქ. თბილისის 30-ე საჯარო სკოლა; გ.გ)სსიპ ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გ.დ) ონის მუნიციპალიტეტის სოფელი პიპილეთის და სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეები; გ.ე) სს უნივერსალური სამედიცინო ცენტრი – ბავშვთა ონკოლოგიის განყოფილება; გ.ვ) 2016 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულის ოჯახი დ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის N139 დადგენილების თანახმად ფონდის აღმასრულებელი დირექტორზე ვრცელდება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ვალდებულება. შესაბამისად ზემოაღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ვებ -გვერდზე www. Declaration.ge 6. საპარტნიორო ფონდი დივიდენდებს იღებს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის აქტივებიდან. მიიჩნევთ თუ არა, რომ თქვენ, სახელმწიფო სტრუქტურა უფრო ეფექტურად მართავთ ამ აქტივებიდან მიღებულ დივიდნდებს, ვიდრე ამას გააკეთებდნენ კერძო მესაკუთრეები? თუ პასუხია არა, მაშინ რატომ არ ითხოვთ ამ აქტივების პრივატიზაციას? ხოლო თუ პასუხია კი, მაშინ რატომ არ ითხოვთ სხვადასხვა ინდუსტრიების ნაციონალიზაციას? ა)ფონდის საქმიანობის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ შვილობილი კომპანიებიდან მიღებული დივიდენდები, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული ფინანსური სახსრები. ისეთი როგორიცაა Credit Suisse -ისგან აღებული 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი. ბ) ფონდის საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტებიდან, მაგალითად სს „საქართველოს რკინიგზისგან“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან“ მიღებული დივიდენდები საშუალებას იძლება ფონდმა ხელი შეუწყოს და განავითაროს ქვეყნის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი დარგები. გ) ფონდის ხელმძღვანელი პირები შესაძლებლად მიიჩნევენ ფონდის საკუთრებაში არსებული კომპანიების აქციების/წილების გასხვისებას, ისე რომ შესაძლებელი იყოს ფონდის მაჟორიტარული მდგომარეობის შენარჩუნება კომპანიაში. 7. რატომ ფინანსდება გადასახადების გადამხდელთა ფულით (100 000 ლარით) “ღვინის ჩაის” პროექტი, როცა ბაზარზე ამ პროდუქტზე მოთხოვნა ძალიან დაბალია და მისი წარმოება უაღესად წამგებიანია „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილების შესაბამისად შპს „სტარტაპ საქართველო“ არჩევს სტარტაპ პროექტებს, რომელსაც ამტკიცებს ფონდის სამეთვალყურეო საბჭო. წარმოდგენილი პროექტი „ღვინის ჩაი“ განხილული და შესწავლილი იქნა აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული კრიტერიუმებით. ამასთანავე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს რომ „სტარტაპ საქართველოს“ პროექტში გამარჯვებულ პროექტების დაფინანსება არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 8.მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დ. საგანელიძის, რომელიც ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით ისედაც მილიონერია, ხელფასი თვეში საშუალოდ არის 33,000 ლარი. ანუ, დღეში დაახლოებით 1,100 ლარი. თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია მორალურად და რამდენად მიზანშეწონილია, რომ საჯარო მოხელესთან (რომელის საშუალო ხელფასი თვეში არის 1,215 ლარი) გათანაბრებული პირი იღებდეს დღეში (!!!) 1,100 ლარ შემოსავალს ქვეყანაში, სადაც ქვეყნის პრემიერის შემოსავალი მასზე მინიმუმ 3-ჯერ ნაკლებია? რა საქმეს აკეთებს ასეთს? პრემიერ მინისტრზე სამჯერ უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს? გთხოვთ იხილოთ მე-5 კითხვის პასუხი. 9.ბატონმა დავით საგანელიძემ ინტერვიუში განაცხადა “ახალგაზრდების სტიმულირება აუცილებელია. საბოლოოდ, ამგვარი იდეების განუხორციელებლობა ნიჰილიზმს იწვევს, რადგან საკუთარ ქვეყანაში უარი უთხრეს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ იგივე იდეა ვიღაცამ უცხოეთში განახორციელა. სწორედ ეს ყველაფერი იყო საფუძველი, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულების პროექტები დაგვეფინანსებინა” თქვენი აზრით, ახალგაზრდებს როდის ექნებათ სტიმულები, მაშინ როცა გადასახადები იქნება დაბალი და ბიზნესის დაწყება გაცილებით ადვილი იქნება, თუ მაშინ როცა თქვენ ახალ ბიზნესებს ფულს წაართმევთ და სხვა არამომგებიან ბიზნესებს დააფინანსებთ? „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №206 დადგენილების ფონდის მიერ შესრულება წარმოადგენს სწორედ ახალგაზრდების სტიმულირებას. 10. შარშან საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა იყო 2.2%. თქვენი აზრით, ამ 2.2%-ში რამდენი % არის საპარტნიორო ფონდის დამსახურება და რამდენი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი, რომ არა თქვენი ეფექტური მუშაობა? წარმოდგენილ მონაცემებში ფონდის მონაწილეობის შეფასება რაიმე ფორმულით შეფასება შეუძლებელია. იმისათვის რომ მოხდეს ფონდის საქმიანობის შეფასება და მის მიერ განხორციელებული პროექტების წარმატება გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე www. Fund.ge. 11. თქვენმა ფონდმა დააფინანსა სამტრედიაში სალათის ფურცლების მოყვანის ბიზნესი. ამაში დახარჯეთ 4.6 მილიონი დოლარი. გვაინტერესებს 2016 წელს რამდენი იყო ამ ბიზნესის ბრუნვა და წმინდა მოგება? ფონდი ჰოლანდიურ კომპანია “Georgian Fresh Holding B.V. -თან ერთად ერთობლივი კომპანიის შპს „იმერეთი გრინერის“ მეშვეობით სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახორციელებს სასათბურე მეურნეობის პროექტს, რომელიც წარმოადგენს ჰოლანდიური ტექნოლოგიებით აღჭურვილ სათბურს, რომელიც გაშენებულია 2 ჰექტარზე, სადაც მოჰყავთ როგორც სალათის ფურცლები, ასევე სხვადასხვა ბოსტნეული. პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 4,6 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ფონდის მონაწილობა პროექტში არ აღემატება 1 400 000 ევროს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია ათობით ადამიანი და მისი მნიშვნელობა რეგიონის განვითარებაში უაღრესად დიდია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0