საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტები განიხილა

04/03/2024

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შესაძლებლობა ექნება გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია. მისი თქმით, საკონკურსო კომისია ამ სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატებს შეარჩევს გაზრდილი კვორუმით – სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, ნაცვლად დამსწრეთა ხმათა უმრავლესობისა. ასევე, ორივე სამსახურისთვის იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ორივე სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის დროს სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს. რეგლამენტის პროექტის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსების მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაწყებად საჭიროა, რომ საქართველოს პარლამენტმა თანხმობა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით გასცეს, ნაცვლად 50 ხმისა. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეული მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორის მიერ არის ჩადენილი.

„ეს ცვლილებები განპირობებულია ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცედურებთან. ჩვენი ამოცანაა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს სწორად, თანმიმდევრულად და დროში შეფერხების გარეშე. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით და ხელმძღვანელობით, სადაც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0