საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

04/03/2024

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პირის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევისთვის დადგენილი ერთ-ერთი მოთხოვნა − სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების ქონა − იცვლება სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების ქონის მოთხოვნით. კანონპროექტით, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით ზუსტდება, რომ გასაჩივრების შედეგად კანდიდატის ხელახალი შეფასებისას და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი წარდგინების მიღებისას საბჭოს წევრები ითვალისწინებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებას. წარდგენილი ცვლილებით, მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით: ა) ზუსტდება მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საფუძვლების შინაარსი; ბ) მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 წლიდან მცირდება 1 წლამდე; გ) ზუსტდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. კერძოდ, კანონში ნათლად მიეთითება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაასაბუთოს იმ გარემოების არსებობა, რომელმაც მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ან მივლინების ვადის გაგრძელების აუცილებლობა განაპირობა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მკაცრდება აკრძალვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი მოსამართლე წევრის რომელიმე 3-თვიან პერიოდში არჩევის თაობაზე. კერძოდ, აღნიშნული 3-თვიანი პერიოდი იზრდება 6 თვემდე. ამასთანავე, დგინდება, რომ პარლამენტის მიერ პარლამენტის ერთი და იმავე სესიის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევა დაუშვებელია.
კანონპროექტით, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საბჭოს წევრთა ხმების მინიმალური რაოდენობა საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობიდან იზრდება საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედამდე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0