საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ახალი ფრაქციების რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა

26/12/2016

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უმრავლესობის ფარგლებში ახალი ფრაქციების რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა. კომიტეტი საკუთარ დასკვნას დღეს ბიუროს წარუდგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში სამი ახალი ფრაქცია რეგისტრირდება. ესენია: ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორები“, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები“ და ფრაქცია “ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“. ამ უკანასკნელის რეგისტრაციის საკითხი კომიტეტის დღის წესრიგს სხდომის დაწყების წინ დაემატა.
ფრაქციები ექვს-ექვსი წევრისგან შედგება. “კონსერვატორებმა“ და “სოციალ-დემოკრატებმა“ ფრაქციების ფორმირება “ქართული ოცნების“ მაჟორიტარების დამატებით შესძლეს.
ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორებში“ გაერთიანდნენ “კონსერვატიული პარტიის“ წევრები: გიგა ბუკია, ზვიად ძიძიგური, პაატა კვიჟინაძე, ნინო გოგუაძე, ასევე “ქართული ოცნების“ ორი მაჟორიტარი დეპუტატი, რუსლან გაჯიევი და მუხრან ვახტანგაძე. ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორებს” გიგა ბუკია უხელმძღვანელებს.
“ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი იქნება. ფრაქციაში ერთიანდებიან “სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრები კობა ნარჩემაშვილი და ბექა ნაცვლიშვილი, ასევე მათ “ქართული ოცნების“ მაჟორიტარების რიგებიდან შეუერთდებიან სულხან მახათაძე, სავალან მირზოევი და რომან მუჩიაშვილი.
ფრაქციას “ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ კახა ოქრიაშვილი უხელმძღვანელებს. ფრაქციის წევრები არიან მაჟორიტარი დეპუტატები: გოგი მეშველიანი, ენზელ მკოიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, პაატა მხეიძე და გურამ მაჭარაშვილი.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციებმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს, რომელთა განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალი ფრაქციების შექმნას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0