სარფის სანაპიროზე სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2022” აღინიშნა

25/08/2022

ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, სარფის სანაპიროზე სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2022” აღინიშნა. კოლხობა ტრადიციულად ისტორიული ლაზეთის ნაწილში, სარფის სანაპიროზე იზეიმეს და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. სარფის ულამაზეს სანაპიროზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა, ხალხური რეწვის ნიმუშები, ლაზური ტრადიციებისა და სამზარეულოს ამსახველი კუთხეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და საზოგადოების ცნობილი სახეები. ღია ცის ქვეშ ძველი კოლხეთის ისტორიისა და ლაზების მიერ დღემდე მოტანილი ტრადიციების შესახებ საზოგადოებას ცნობილმა ლაზმა პოეტმა იაშა თანდილავამ და ღონისძიების წამყვანმა, ცნობილმა მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ უამბეს. სახალხო დღესასწაულს საფუძველი პირველად 1978 წელს ჩაეყარა, რომელიც “ქვაომხაზობის” სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე “კოლხობის” სახელით იმართებოდა. „კოლხობა“ მეფე აიეტის და მედეას მითთან არის დაკავშირებული. საზეიმო კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავმა ლაშა ღლონტმა დაასრულა. საღამო ფოიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0