სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში, წარსულში განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი ო.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თბილისში, ურბნისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ო.მ.-ს პირადი უთანხმოების მოტივით ურთიერთშელაპარაკება მოუხდა დ.კ.-სთან, რა დროსაც დ.კ.-მ მას სცემა. აღნიშნულით განაწყენებული ო.მ. შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, სახლიდან დანა აიღო და შურისძიების მოტივით, დ.კ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით უკან დაბრუნდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს დანით გულმკერდის, მუცლის, ზურგისა და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად დ.კ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ო.მ. 3 მარტს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Visited 142 times, 1 visit(s) today