სასამართლომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენაში ბრალდებულები – დ.კ. და ა.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.შ-მ და ი.ყ.-მ ამ უკანასკნელის დედის მკვლელობა განიზრახეს. 2016 წლის 19 ოქტომბერს, ბ.შ.-მ და ი.ყ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ლ.ყ. მისსავე საცხოვრებელ სახლში მოკლეს, გვამი ჩანთაში მოათავსეს და ავტომანქანით გადაიტანეს ბ.შ.-ს ნაქირავებ ბინაში, სადაც სხეული დაანაწევრეს, ხოლო შემდეგ ქ.თბილისის შემოვლითი გზის მე-13 კილომეტრზე მდებარე ყოფილ ნაგავსაყრელზე დაწვეს.
დ.კ.-მ და ა.ა.-მ იცოდნენ ბ.შ-ს და ი.ყ-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, რაც არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
სამართალდამცველებმა დ.კ 2016 წლის 3 ნოემბერს, ხოლო ა.ა. 4 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დ.კ. – ს ორი წლისა და სამი თვის ვადით, ხოლო ა.ა. – ს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Visited 131 times, 1 visit(s) today