სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულ ბ.შ-ს უვადო, ხოლო ი.ყ-ს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

23/06/2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში, წარსულში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი ბ. შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ი. ყ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ. შ-მ და ი. ყ.-მ ამ უკანასკნელის დედის მკვლელობა განიზრახეს. 2016 წლის 19 ოქტომბერს, ბ. შ.-მ და ი. ყ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ლ.ყ. მისსავე საცხოვრებელ სახლში მოკლეს, გვამი ჩანთაში მოათავსეს და ავტომანქანით გადაიტანეს ბ. შ.-ს ნაქირავებ ბინაში, სადაც სხეული დაანაწევრეს, ხოლო შემდეგ ქ.თბილისის შემოვლითი გზის მე-13 კილომეტრზე მდებარე ყოფილ ნაგავსაყრელზე დაწვეს.
სამართალდამცველებმა ბ. შ. და ი. ყ. 2016 წლის 3 ნოემბერს დააკავეს. ბ. შ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, მსხვერპლის სხეულის ორგანოს სხვაგვარად გამოყენების მიზნით), ხოლო ი.ყ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 111 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ. შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე განაჩენით სასამართლომ ი. ყ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0