სასამართლომ ყაჩაღობაში და ქურდობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში და ქურდობაში ბრალდებული კ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 იანვარს დაახლოებით 21:00 საათზე კ.ნ.-მ ქალაქ თბილისში უკანონოდ შეაღწია ს.კ.-ს საცხოვრებელ სახლში და ამ უკანასკნელს თანხა და ოქროს ნივთები მოთხოვა. უარის მიღების შემდეგ კ.ნ.-მ დაზარალებულს სცემა, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ძალადობრივი ქმედების შედეგად ს.კ.-მ მრავლობითი დაზიანებები მიიღო და გონება დაკარგა, ხოლო კ. ნ. დაეუფლა „SHARP“-ის ფირმის ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ კ.ნ. 2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 08:00 საათზე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის კუთვნილ პატეფონს და „სილქნეტის“ მოდემს.
სამართალდამცველებმა კ.ნ. 10 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ნ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Visited 154 times, 1 visit(s) today