სასამართლო სისტემის სტრატეგიის შექმნის მიზანია სასამართლოს გააჩნდეს ცხადი ხედვა

23/05/2017

სასამართლო სტრატეგიული კომიტეტის წევრებმა დღეს სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის დასკვნითი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობის საბოლოო შედეგები შეაჯამეს.
„სასამართლო სისტემის სტრატეგიის შექმნის მიზანია სასამართლოს გააჩნდეს ცხადი ხედვა, თუ რა მიმართულებით სურს განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში და რა ტაქტიკური ნაბიჯები უნდა გადაიდგას დასახული მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ.
სასამართლო სტრატეგიული კომიტეტის წევრებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის საკითხი, რომელიც მოცემულია სტრატეგიაში და ემსახურება მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მყარი სამართლებრივი გარანტიების შექმნას. „მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო საქართველოს პარლამენტის მზაობა და მხარდაჭერა სასამართლო რეფორმების პროცესში, მზაობა იმისა, რომ სასამართლო გახდეს კიდევ უფრო დამოუკიდებელი, ჰქონდეს ყველა სამართლებრივი გარანტია და ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ თავისი ფუნქცია ძალიან მაღალი სტანდარტით შეასრულოს. ჩვენ უკვე შევქმენით ამ პატივისცემისა და დამოკიდებულები პრეცენდენტები, რომ ყველა საკითხი, რომელიც სასამართლოს ეხება, სამუშაო ფორმატში განვიხილოთ ერთად. ჩვენ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც პარლამენტს ეხება, განვიხილავთ სასამართლოსთან ერთად, საბჭოსთან ერთად, უშუალოდ მართლმსაჯულების სისტემის ჩართულობით იმისთვის, რომ მივიღოთ გამართული კანონები და იმისთვის, რომ სასამართლოს სტრატეგიული ხედვა იყოს თანხვედრაში იმ საერთო ხედვასთან, რომლის მიზანია დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ ეკა ბესელიას მადლობა გადაუხადა სტრატეგიის შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. „ევროსაბჭო მოხარულია, რომ სხვა ორგანიზაციებთან ერთად ვმონაწილეობდით ამ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ჩართული იყო სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის, მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის, პიტერ დენიშის მოსაზრებით სტრატეგიაში უნდა ჩაიდოს მკაფიო ინდიკატორები და კონკრეტული ფინანსური რესურსები მის დასანერგად. მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი იქნება საზოგადოებრივი ნდობის გაზომვა.
მართლმსაჯულების ხუთწლიანი სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებაა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც მართლმსაჯულების სტრატეგიას სწორედ სასამართლო ხელისუფლება ქმნის. აღნიშნული პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად იუსტიციის საბჭოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად და სამოქალაქო ჩართულობის ფართო მონაწილეობით ჩამოყალიბდა სტრატეგიული კომიტეტი. შემაჯამებელი შეხვედრის მოდერაცია საერთაშორისო ექსპერტმა, სლოვენიის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ალეშ ზალარმა წარმართა.
სტრატეგიული კომიტეტის მუშაობას აქტიურად უჭერდნენ მხარს დონორი ორგანიზაციები – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამართლებრივი დაახლოება სამხრეთ კავკასიაში“ (GIZ), საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „ კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), ევროკავშირის “EU4Justice-სასამართლო მხარდაჭერის პროქტი, ევროპის საბჭო (CoE). სტრატეგიის განვიტარების პროცესის მართვის ორგანიზება საკონსულტაციო კომპანია „ინერჯი ჯგუფმა“ განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0