სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება მყისიერი, ძირეული, ფართომასშტაბიანი რეფორმა

06/07/2016

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სასამართლო ხელისუფლებას ტრანსფორმაცია სჭირდება, სჭირდება მყისიერი, ძირეული, ფართომასშტაბიანი რეფორმა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, დღეს ტრანსფორმაცია არ ხდება და ძალიან სამწუხაროა, რომ რეფორმების მესამე ტალღის განხორციელება-მიღება პარლამენტის მიერ შეჩერდა.

„პრობლემა იმაშია, რომ სასამართლოში შესაძლებელია დაინიშნონ ოდიოზური ფიგურები. დაინიშნონ არასწორად, არამართებულად და ეს, ბუნებრივია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობას. ფაქტია, იუსტიციის საბჭოს საკუთარ საქმიანობაში აქვს უამრავი ხარვეზი, დაწყებული ტექნიკურიდან, დამთავრებული არასწორი მართვით, დახურული და გაუმჭვირვალე პროცესებით, განსაკუთრებით მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. რაც მთავარია, არ ხდება სისტემის ისე გაჯანსაღება, რომელსაც თავიდან მოითხოვდა საქართველოს პრეზიდენტი. ამას მიხედვა სჭირდებოდა გუშინ, შესაბამისად, ახლაც სჭირდება მყისიერად და ძირეულად მიხედვა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0