სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ

19/02/2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, კონსტანტინე ამირეჯიბი, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის უფროსთან, ლაშა გვასალიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით მალანიასთან ერთად, მუნიციპალიტეტების წარმოამდგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს ფედერაციის პრეზიდენტმა, სპორტის სამსახურების წარმომადგენლებს ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლებისთვის განკუთვნილი სპორტული ინვენტარი გადასცა.

2017 წელს, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში, ფოთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონებმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ისინი გახდნენ საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017-ის ჩემპიონები, მოიპოვეს ხელბურთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება დოჰაში (კატარი) 2018 წლის 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა არის საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული საქართველოში მოქმედი ის მასშტაბური პროგრამა, რომელიც მოზარდების მასობრივ სპორტში აქტიურ ჩართვასა და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

პროგრამაში ჩართულია საქართველოს ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები, რომელთა რაოდენობამ 1700-ს გადააჭარბა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობა მიიღო 100 000-მდე მოსწავლემ. ოლიმპიადის ეს შედეგები მნიშვნელოვნად არის განპირობებული მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურების აქტიური ჩართულობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0