საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ მთავრობამ გადამუშვებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა. მისი თქმით, ეს ის დოკუმენტია, სადაც ფინანსურად აისახება ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მთავრობა აკეთებს და კიდევ გააკეთებს ერთის მხრივ ინფექცის შესაჩერდებლად, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ხოლო მეორე მხრივ – ეკონომიკაზე დარტყმის მინიმიზაციისა და კრიზისიდან გამოყვანის თვალსაზრისით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე მთავარი ფინანსური დოკუმნეტის განხილვისას განაცხადა, რომ მთავრობის მიერ შემოტანილი გადამუშავებულ დოკუმენტში გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტით მოსახლეობისთვის განსაზღვრულია საკმაოდ დიდი მოცულობის მიზნობრივი სოციალური დახმარება, ასევე შესაძლებელია გაფართოვდეს კომპენსაციის მისაღებთა რაოდენობა იმ თვითდასაქმებულებისათვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და მთავრობამ შესაძლოა, შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით სპეციალური ფონდიდან – STOP COV ფონდიდან გასცეს დახმარება.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე ასევე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკფაქტორების გათვალისწინებით გაწერილია თუ როგორ მოემსახურება მთავრობა ნაკისრ ვალდებულებას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით მან განაცხადა: „წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა შეადგენს 54,4%-ს, ხოლო ბიჯეტის დეფიციტი -8,5%. ზოგადად მაკროეკონომიკური პარამეტრები უცვლელია, ციფრები არ არის შეცვლილი წარმოდგენილ ვერსიაში. ბიუჯეტის პრეოექტში ჩადებულია ეკონომიკის შემცირება -4%-ით, ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებები, ხარჯვა გვექნება 15 მილიარ 923 მილიონის ფარგლებში“. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით „სახელმწიფო ბიუჯეტი ის დოკუმენტია – რომელსაც კარგა ხანია ითხოვდა როგორც უმრავლსესობა, ასევე განსაკუთრებით ოპოზიცია, სადაც ფინანსურად უნდა იყოს ასახული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მთავრობა აკეთებს და კიდევ გააკეთებს ერთის მხრივ რომ ინფექცია შეჩერდეს, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ხოლო მეორე კუთხით – ეკონომიკაზე დარტყმის მინიმიზაცია და კრიზისიდან გამოყვანის თვალსაზრისით იქნეს გამოყენებული“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ამის შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს წარუდგინა კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელიც, მისი შეფასებით, არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელშიც თავი მოიყარა ყველა იმ ღონისძიებამ, რომელიც ხელისუფლების მიერ შემუშავებულია ანტიკრიზისული გეგმის სახით. როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით.
მან დეტალურად ისაუბრა ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე. უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტს, რომელზეც პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამა)“. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა დოკუმენტი განსახილველად. მომხსენებლის თქმით, სასესხო შეთანხმებით განსაზღვრული პროგრამის მიზანია ქვეყნისათვის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქება.