საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა

04/10/2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კომიტეტის სხდომაზე განხილვის შემდეგ გადამუშავებულ ვარიანტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიაში მომუშავეთა რიცხოვნობას ეხება. ბიუჯეტში შესატანი ცვლილების თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 250,0 მლნ ლარით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება – 47,0 მლნ ლარით; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს – 34,0 მლნ ლარით; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს -23,0 მლნ ლარით; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში ძირითადად ხორციელდება პროექტებს შორის თანხების გადანაწილება და დამატებით სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების დასაფინანსებლად გამოიყოფა 20,0 მლნ ლარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება 40,0 მლნ. ლარით, ხოლო თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე საჭირო შესყიდვების სრულყოფილად დასაფინანსებლად დამატებით გამოეყოფა 10,0 მლნ ლარი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება იზრდება 21,2 მლნ ლარის ოდენობით, რაც დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურების ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასთან. სახალხო დამცველის აპარატს, ახალი შენობის მშენებლობის ხარჯების დასაფინანსებლად, დამატებით გამოეყოფა 2,5 მლნ ლარი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის დამატებით გამოეყოფა 500,0 ათასი ლარი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0