საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

26/02/2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

„კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულმა ასოცირების შეთანხმებამ, სადაც საქართველოს ორი მნიშვნელოვანი დირექტივა განესაზღვრა შესასრულებლად. ეს დირექტივები ევროკავშირის ქვეყნებში უკვე მიღებულია და საქართველოსთვის ვალდებულება გაჩნდა, რომ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა ამ ორი დირექტივის მოთხოვნას დავუახლოოთ“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტი საკმაოდ კომპლექსურია და მთლიანად არეგულირებს ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებს, გარდა ნადირობისა და თევზჭერისა. ნადირობასა და თევზჭერასთან დაკავშირებული საკითხები ცალკე კანონმდებლობით დარეგულირდება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილ კანონპროექტში მცენარეთა და ფრინველთა სახეობების დაცვის, დაცული ჰაბიტატების, გამორჩეულად მაღალი კონსერვაციის ღირებულების მქონე ტერიტორიების დაცვის საკითხები სრულად არის მოცემული სწორედ აღნიშნული ორი დირექტივის შესაბამისად.

„საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ინტენსიურად ვმუშაობდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან იმისათვის, რომ ეს იყოს გარკვეულწილად დაბალანსებულ მიდგომებზე დამყარებული კანონმდებლობა და, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვას, მეორე მხრივ, არ შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მან კომიტეტის წევრებს, სხვა საკითხებთან ერთად, ის სიახლეებიც გააცნო, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით საერთოდ არ არის დარეგულირებული. კანონპროექტს, მათ შორის, შემოაქვს ისეთი ცნებები, როგორიცაა დაცული და მკაცრად დაცული სახეობები, ე.წ. ზურმუხტის ტერიტორიების მართვის საკითხები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0