საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია მსგავსი ღონისძიებების მაღალ დონეზე გამართვა

05/07/2016

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრაქტიკულად ყველა დელეგაციის მხრიდან, ყველა მონაწილის მხრიდან, ჩვენ მივიღეთ ძალიან გულწრფელი მადლობის სიტყვები ღონისძიების ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის – მისი ყველა კომპონენტი: ტექნიკური, ორგანიზაციული, შინაარსობრივი, აღმოჩნდა ძალიან მაღალ დონეზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

“ამ დღეებში, საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია მსგავსი ღონისძიებების მაღალ დონეზე გამართვა. იყო გარკვეული პოლიტიკური ნიუანსები, რომელიც ამ ტიპის ღონისძიებებს მთლად არ შეესაბამებოდა. სამწუხაროდ, დღესაც, ამ მაღალი ტრიბუნიდან, გამომსვლელებმა ბრძანეს, რომ ცოტა არ იყოს უპრეცედენტო მოვლენებს ჰქონდა ადგილი, როდესაც შიდაპოლიტიკური პროცესები ამ დონეზე ავიდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა განსახილველად, მაგრამ არა უშავს – ვსწავლობთ. ჩვენ ხომ პირველად ჩავატარეთ ასეთი ღონისძიება? სხვა დროს, სხვანაირად გავაკეთებთ, ალბათ, ჩვენს საქმეს, ასე რომ, პოლიტიკური ინტერესების ლობირება მოვახერხოთ ისეთი გზებით და საშუალებებით, რომელიც არ იქნება კონტრპროდუქტიული ან არ იქნება გარკვეული შენიშვნების საფუძველი. ესეც ჩავთვალოთ, რომ ნორმის ფარგლებში იყო. მოხარული ვარ, რომ მე პირადად, თქვენთან ერთად, ყველასთან ერთად, მომიწია ამ ღონისძიების არა მხოლოდ მონაწილის სტატუსში ყოფნა, არამედ, როგორც ერთ-ერთი თანაორგანიზატორის. ყველას ვუსურვებ წარმატებებს, მათ შორის ასამბლეის არჩეულ პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს ის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0