საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში

20/02/2024

2024 წლის 20 თებერვალს, ქ. ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა გაიმართა. ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი განხორციელდება. ამ გადაწყვეტილებამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა. ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების სამოქმედო გეგმა და წაახალისა საქართველო, შემდგომი პროგრესი განახორციელოს რეფორმების მიმართულებით. საბჭომ ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესრულების მნიშვნელობას არსებითი და შეუქცევადი რეფორმების განხორციელების გზით, რომლებიც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით იქნება მომზადებული და გატარებული. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დამოკიდებული იქნება მის დამსახურებაზე გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების კუთხით. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების კუთხით, ხაზი გაუსვა რა ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, და 2021-2027 წწ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ეფექტიან განხორციელებას. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და მისი კომპონენტის – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ეფექტიანი განხორციელება, რომელიც რეგულაციებთან დაახლოების ფართო პროცესსა და მასთან დაკავშირებულ აუცილებელ რეფორმებს მოიცავს, ხელშემწყობ პირობებს ქმნის ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებისთვის, რასაც შედეგად ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს შემდგომი ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაცია მოჰყვება. ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში, როგორც ეს აღნიშნულია ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში საქართველოს შესახებ. აღინიშნა, რომ ამ კუთხით საკვანძო ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი იყო, რომელსაც მხარს საქართველოს მოსახლეობა, მთავრობა და ფართო პოლიტიკური სპექტრი უჭერს. ევროკავშირმა საქართველოში ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდა კონსტრუქციული მრავალპარტიული თანამშრომლობისა და დიალოგის დემონსტრირებისკენ, პოლარიზაციის დაძლევისა და ისეთი ქმედებებისგან თავშეკავებისკენ, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებენ პოლიტიკურ დაძაბულობას და შეაფერხებენ ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას. ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, მნიშვნელოვანი და სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას პოლიტიკის შემუშავების პროცესებში. ხაზი გაუსვა რა დეზინფორმაციის, ანტი-ევროპული რიტორიკისა და გარე ძალების მიერ საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ამ მიმართულებით არსებითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ამავდროულად, მხედველობაში მიიღო მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ძალისხმევა. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ უზრუნველყოფილ უნდა იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით, ყველა სასამართლო, პროკურატურის, ანტიკორუფციული და მონეტარული ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს საერთო ვალდებულება აკავშირებთ, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ დემოკრატია და კანონის უზენაესობა ჩვენს საზოგადოებებში. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ბაზის და მართლმსაჯულების სისტემის საერთო შესაძლებლობებისა და მოწყობის გასაუმჯობესებლად გაწეულ სამუშაოს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის განსახორციელებლად, განსაკუთრებით, ყველა სასამართლო და პროკურატურის ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო საარჩევნო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად გატარებული რეფორმები და მოუწოდა საქართველოს, დროულად დაასრულოს საარჩევნო რეფორმა მოახლოებულ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიისა და ეუთოს/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად, და უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეუთოს/ODIHR-ის გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევას. ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე 2022-2030 წწ. ეროვნული სტრატეგიისა და 2024-2026 წწ. ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის დამტკიცება. ასოცირების საბჭო მიესალმა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფის, გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და სახალხო დამცველის დანიშვნის მიმართულებით გაწეულ სამუშაოს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ამ სამუშაოს გაგრძელების და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გაძლიერებული პატივისცემის, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლების გარანტირების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. ასოცირების საბჭომ აღნიშნა დეოლიგარქიზაციის, საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრევენციის მიმართულებით გაწეული მუშაობა და ხაზი გაუსვა არსებული სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელების აუცილებლობას, მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის საფუძველზე. ევროკავშირი მიესალმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და ხაზი გაუსვა ბიუროს დამოუკიდებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ძალისხმევის ფარგლებში. ევროკავშირი მიესალმა, რომ საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულებას და დგამს ნაბიჯებს ევროკომისიის რეკომენდაციების განსახორციელებლად. ასოცირების საბჭომ ძლიერი მოლოდინი გამოხატა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გაზრდის ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდველ ზომებთან მიერთების მაჩვენებელს და მოუწოდა საქართველოს სრული მიერთების მიმართულებით პროგრესისკენ. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პროაქტიულ ჩართულობასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების პრევენციის მიმართულებით. ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს აქტიური ჩართულობა 2014 წლიდან და მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს მონაწილეობა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიებსა და ოპერაციებში; ასოცირების საბჭომ ასევე განიხილა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ევროკავშირმა გამოხატა სურვილი, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად და გააძლიეროს მისი მედეგობა კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების მეშვეობით, ასევე მშვიდობის ხელშეწყობის ევროპული ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის გზით. საქართველომ ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობის დაწყებისა და ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის – PESCO – პროექტებში ჩართვის სურვილი გამოხატა. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და დაადასტურა მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მოგვარების და ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი საქართველოში. ევროკავშირმა და საქართველომ დაადასტურეს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი, მათ შორის მომავალი მე-60 რაუნდისადმი, რომელიც სრულყოფილად მოქმედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებთან (IPRMs) ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით. ევროკავშირმა და საქართველომ შეშფოთება გამოხატეს რუსეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების, სამხედრო, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ინტეგრაციისკენ, რაც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საბჭომ დაგმო საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული რუსეთის ძალების მიერ საქართველოს სამოქალაქო პირის, თამაზ გინტურის, მკვლელობა. ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დარღვევებისა და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გამო. ევროკავშირმა და საქართველომ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ დაადასტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის ვალდებულება. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან როლს და, მანდატის შესაბამისად, მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობას. ასოცირების საბჭომ კვლავ აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება, რომლებმაც დაადასტურეს რუსეთის, როგორც საქართველოს რეგიონებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერის გაძლიერებისა და ნდობის აღდგენის ზომების გაზრდის მნიშვნელობა, ასევე დაადასტურა შერიგებისა და ჩართულობისკენ მიმართული ძალისხმევისადმი მხარდაჭერა. ასოცირების საბჭო მიესალმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას და ასევე ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის ზრდას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკის წარმატებით გადალახვა. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშემწყობ როლს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში და აღნიშნა მისი დამოუკიდებლობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.
ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, რომ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სავაჭრო ბარიერების გადალახვაში და აღნიშნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელების მნიშვნელობა. ასოცირების საბჭო მიესალმა პრიორიტეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას, აღიარა გეგმის შინაარსთან დაკავშირებით დღეისთვის არსებული კარგი პროგრესი და ხაზი გაუსვა მასში ჩამოთვლილი აქტივობების სათანადო განხორციელების მნიშვნელობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით.
ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელების დაჩქარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მისი საფლაგმანო პროექტების მეშვეობით, მათ შორის, იმ საერთო ინტერესის მქონე პროექტებისა, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის განვითარებისკენ. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში პარტნიორის როლი, განსაკუთრებით კი მისი სატრანზიტო როლი კასპიის ნახშირწყალბადების რესურსებისთვის. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და გამოთქვა სურვილი, მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ ძალისხმევას, გაატაროს აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები და ზომები, განსაკუთრებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რათა დააკმაყოფილოს ევროს ერთიანი გადახდის სივრცის სქემების გეოგრაფიულ არეალში გაწევრიანების კრიტერიუმები. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზაობასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში „Roam like at Home” ინტეგრაციას. საბჭო ასევე მიესალმა ევროკავშირის მზაობას, მიიღოს გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმებაში შესაბამისი კანონმდებლობის დამატების მიზნით ცვლილებების შეტანის შესახებ.
ასოცირების საბჭომ მადლიერება გამოხატა „ერასმუს პლუს”, „ჰორიზონტი ევროპის” და „შემოქმედებითი ევროპის” პროგრამებში საქართველოს ძლიერ ჩართულობასთან დაკავშირებით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ძალისხმევას სამოქალაქო დაცვის სისტემისა და შესაძლებლობების მოდერნიზების კუთხით და გამოხატა მოლოდინი, რომ საქართველო შეასრულებს საბჭოს სხდომის ფარგლებში გაზიარებულ გზამკვლევ დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში ინტეგრაციის ხელშეწყობას. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა და მისი მედეგობაზე ორიენტირებული ჩარჩო კვლავ აქტუალურია და გააგრძელებს ფუნქციონირებას გაფართოების პროცესზე დამატებით. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით 2024 წელს კონკრეტული შედეგების მიღწევის მნიშვნელობას. შეხვედრას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0