საქართველომ მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი იმ კონცეფციაში, რასაც აბრეშუმის თანამედროვე გზა ეწოდება

28/11/2017

საქართველომ მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი იმ კონცეფციაში, რასაც აბრეშუმის თანამედროვე გზა ეწოდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე, როცა თბილისში ”აბრეშუმის გზის ფორუმი” იმართება, ამის ნათელი დადასტურებაა.
“დღევანდელ ფორუმში მონაწილეობს 2000-ზე მეტი დელეგატი, რაც გახლავთ უნიკალური მოვლენა. თქვენ ვერ ნახავთ კომპანიას, სერიოზულ მოთამაშეს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანში, რომ არ მონაწილეობდეს ამ ფორუმში. ვფიქრობ, რომ ეს ფორუმი საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ძალიან კონკრეტული უპირატესობები. გაფორმდება რამდენიმე კონტრაქტი, მათ შორისაა ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი, რომელსაც აფორმებს ანაკლიის კონსორციუმი. მინდა გამოვყო ხელშეკრულება თანამშრომლობაზე ყველაზე მსხვილ საკონტეინერო გადამზიდავ ჩინურ კომპანიასა და ”საქართველოს რკინიგზას” შორის. ზოგადად, რა თქმა უნდა, აღნიშნული პლატფორმა საშუალებას მოგვცემს უკეთესად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალი. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ძალიან დიდ თანხებს დებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მინდა აღვნიშნო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ”საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში და სხვა”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
“ჩვენ არაერთხელ ავიღნიშნეთ ის, რომ საქართველოსთვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გახლავთ აბსოლუტური პრიორიტეტი. რაც შეეხება საქართველოზე გამავალ მეორე სარკინიგზო მიმართულებას, ეს უბრალოდ საშუალებას მოგვცემს მეტი სინერგია შევძინოთ ამ მიმართულებას. თქვენ თუ მოუსმენთ მოსაზრებებს, რომელსაც აფიქსირებენ ექსპერტები ამ საკითხთან დაკავშირებით, ნათლად ჩანს, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს პირიქით, დაეხმარება, შექმნის სინერგიას და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევს”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0