საქართველომ საგანმანათლებლო შესაძლებლობები საერთაშორისო გამოფენაზე წარმოადგინა

13/04/2017

არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, ქალაქ დუბაიში სამდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართა, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელვამ და არაბეთის გაერთიანებული საემიროების განათლების მინისტრმა ჰუსეინ იბრაჰიმ ალ ჰამადიმ გახსნეს. გამოფენაზე მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო წარმოდგენილი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო ბაზარზე პირველად წარდგა პროექტით “ვისწავლოთ საქართველოში”.
უახლოეს მომავალში საქართველო გახდება აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ს რეგიონის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევის ცენტრი. სწორედ ამ გეგმის განხორციელებას შეუწყობს ხელს ახალი პროექტი – „ვისწავლოთ საქართველოში“, რომლის მიზანია ჩვენს ქვეყანაში საგანმანათლებლო ჰაბის შექმნა განათლების სისტემის ხარისხის ამაღლებისა და ინტერნაციონალიზაციის ფონზე.
პროექტის ფარგლებში კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ამოქმედდება უცხოენოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, შედეგად, საქართველო გახდება უცხოელი სტუდენტებისთვის მიმზიდველი საგანმანათლებლო სივრცე. მეტი უცხოელი ისწავლის საქართველოში და მეტ ქართველ მეცნიერს ექნება საშუალება ჩაერთოს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.
საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლების ხარისხის სრულყოფას და პოზიტიურ გავლენას მოახდენს ეკონომიკური განვითარების პროცესზე.
საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე საქართველოდან მონაწილეობდა 8 უნივერსიტეტი. მათ შორის 4 წამყვანი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი (თსუ, ილიაუნი, თბილისის სამედიცინო უნივერისტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში) და 4 კერძო უნივერსიტეტი (კავკასიის უნივერსიტეტი, უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი).
ქართული მხარის მიერ შეთავაზებულმა პროგრამებმა და პროექტმა დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოფენაში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობის გაზრდას, რაც იქნება გარანტი უფრო მეტი უცხოელის მოზიდვისა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0