საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები იწყება

30/01/2018

საქართველოსა და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს („Eurojust“) შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში იმყოფება, სადაც ის „Eurojust“-ის პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანს შეხვდება. ვიზიტის მიზანი საქართველოსა და „Eurojust“-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის საშუალებების დაგეგმვა და ორმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხებია.
საქართველოსა და „Eurojust“-ს შორის თანამშრომლობის აქტივიზება და თანამშრომლობის შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია შესაბამის სფეროებში, მათ შორის, იუსტიციის სფეროში, ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა. ურთიერთთანამშრომლობის საკითხებში შეთანხმების გაფორმება და ამ მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყება ამ ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპია.
ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას დაესწრებიან, აგრეთვე, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს მისიის სამართლებრივი მრჩეველი და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის წარმომადგენელი.
„Eurojust“ არის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანო, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0