საქართველოსა და საბერძნეთის თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა

07/03/2017

საქართველოსა და საბერძნეთის თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა – ამის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. როგორც ნიკოს კოძიასმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, საბერძნეთი მიესალმება საქართველოს ევროკავშირის ოჯახში შესვლას. მანვე ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა მიულოცა.

„ღრმად მწამს, რომ საქართველო არის ქვეყანა და ერი, რომელიც ეკუთვნის ევროპას. საუბრისას ხუმრობით აღვნიშნეთ, როდესაც კავკასიიდან ვიპარავდით ცეცხლს, მაშინ არც ვიზა იყო საჭირო და არც სასაზღვრო კონტროლი არსებობდა. მე ჩვენს ორ ქვეყანას შორის ღია ურთიერთობის მომხრე ვარ. ეს ურთიერთობები ათასობით წელს ითვლის“- განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის მოლაპარაკებები, რომელიც დღეს საქართველოს საგარეო უწყებაში შედგა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„ისევე როგორც საქართველო და საბერძნეთი, ჩვენი თანამშრომლობაც არის სტრატეგიული მნიშვნელობის. ჩვენ შევეცდებით, რომ განვავითაროთ ურთიერთობები ყველა სფეროში, მათ შოროს ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების კუთხით. სტრატეგიული კავშირი და ურთიერთობები მრავალი მიმართულებით ნიშნავს, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროკავშირის ოჯახში შემოსვლას და რა თქმა უნდა გვსურს ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება“ – აღნიშნა ნიკოს კოძიასმა.

მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისას ნიკოს კოძიასმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„საქართველო საბერძნეთში და ბერძენ ხალხში დიდი სიყვარულით სარგებლობს. გვსურს უფრო ახლოს გავიცნოთ საქართველოს კულტურა და ის დამახასიათებელი თვისებები, რითაც საქართველო ამაყობს“ – განაცხადა ნიკოს კოძიასმა.

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, რომლის ფარგლებშიც ის შეხვედრებს მართავს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0