საქართველოსა და უკრაინას შორის ერთობლივ დეკლარაციას მოეწერა ხელი

21/04/2017

​საქართველოში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას. დოკუმენტში აღნიშნულია ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ და სხვა სფეროებში.
დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისა და აგრესიული ქმედებების გაგრძელება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევადაა მიჩნეული.
ერთობლივ დეკლარაციაში მინისტრები შეთანხმდნენ გააგრძელონ საქართველოსა და უკრაინას შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების – გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს, სუამის-ს და სხვ. ფარგლებში კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტისა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე.ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ ერთი მხრივ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას, მეორე მხრივ უკრაინასთან მიმართებით ევროპარლამენტის მხარდაჭერას უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე. ერთობლივი დეკლარაციით მინისტრები შეთანხმდნენ გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. დოკუმენტში აღნიშნულია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა და საქართველოსა და უკრაინას შორის უმაღლეს დონეზე რეგულარული შეხვედრების გამართვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ასევე შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების გატარებას, მათ შორის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
დეკლარაციაში დადასტურებულია ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა, მათ შორის მინისტრებმა დეკლარაციაში დაადასტურეს ინტერესი ევროპა-კავკასია-აზიის მარშრუტზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიმართ, მათ შორის, „ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0