საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაშია ნორვეგიასა და ისლანდიასთან

01/09/2017

ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, 2017 წლის 27 ივნისს, ქ. ბერნში ხელმოწერილი შეთანხმება. დოკუმენტი მოიცავს, როგორც საქონლით ვაჭრობის სატარიფო ლიბერალიზაციის საკითხებს, ასევე არასატარიფო ბარიერების გადალახვის შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის ზრდას. ამასთან, შეთანხმება (ერთიან თავისუფალ ვაჭრობის ზონაში) ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოებულ პროდუქტზე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებას. მოცემულ ეტაპზე ხელშეკრულება ძალაში შედის საქართველოს, ნორვეგიისა და ისლანდიისთვის, ხოლო შვეიცარიის კონფედერაცია და ლიხტენშტეინი აქტიურად აგრძელებენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელების პროცესს. შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი პროდუქცია, რომელსაც ექნება ისლანდიური ან ნორვეგიული წარმოშობა გათავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან, ხოლო საქართველოში წარმოებული და შესაბამისი წარმოშობის სერტიფიკატით (ანგარიშფაქტურის დეკლარაციით) დადასტურებული საქონელი ანალოგიური სატარიფო შეღავათით ისარგებლებს. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოში ლიბერალური შეღავათიანი საბაჟო სატარიფო რეჟიმი, უკვე 41 ქვეყანასთან მიმართებაში მოქმედებს.
 

Tweet about this on TwitterShare on Facebook0