საქართველოს აზერბაიჯანის მთავრობისგან 16 ინდივიდი ქურციკი გადმოეცა

12/01/2024

საქართველოს აზერბაიჯანის მთავრობისგან 16 ინდივიდი ქურციკი გადმოეცა. ქურციკები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოში ქურციკების სრულფასოვანი აღდგენისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
ქურციკის აღდგენის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. ქურციკი, იგივე ჯეირანი, საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა. აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი წარმატებული კონსერვაციული პროექტია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულაციის აღდგენას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის მჭიდრო თანამშრომლობითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით. საქართველოში ქურციკის აღდგენის პროგრამის განხორციელება გერმანიის მთავრობის (BMZ/KfW) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. პროგრამის მიმდინარე ფაზის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს WWF-გერმანია და WWF-ავსტრია. ქურციკის აღდგენის პროგრამა წარმატებით ხორციელდება და ამჟამად, სამუხის ველზე მათი რაოდენობა 300 ინდივიდს აღემატება. ქურციკების გადმოცემის ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე, და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0