საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში

15/02/2019

„საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში, ეს არის ფუნდამენტური ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესის ნაწილი ვიყოთ“ – როს უილსონი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან ერთად განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს რეფორმის ყველა მიმართულება, როგორც ერთიანი სისტემის ნაწილი და მისი ცალკეული კომპონენტები, როგორებიცაა ახალი სკოლის მოდელი, კურიკულუმი, მასწავლებლების პროფესიული ზრდა, ინფრასტრუქტურა და სხვა.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის თქმით, ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა რეფორმის მიმართულებების განხილვისა და ერთობლივი გეგმების შემუშავებისთვის. მან გამოთქვა მზაობა, აშშ-ის საელჩო აქტიურად ჩაერთოს იმ ამბიციური გეგმების განხორციელებაში, რაც სამინისტროს აქვს. ამ მიმართულებით აშშ-ის დახმარება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფარგლებში განუზომლად დიდია.

„ისეთი ქვეყნის მხარდაჭერა რეფორმების მიმართულებით, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, უმნიშვნელოვანესია სისტემაში კომპლექსური ცვლილებების განხორციელებისას,” – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0