საქართველოს ახლო მომავალში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (JICA) პრეზიდენტი ეწვევა

02/06/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოკიოში შეხვედრა გამართა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის პრეზიდენტთან შინიჩი კოტაოკასთან, რომელიც ახლო მომავალში საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში თბილისში საზეიმოდ გაიხსნება JICA-ს რეგიონალური ოფისი.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს, კონკრეტულად კი JICA-ს წარმატებული თანამშრომლობისა და იმ საქმიანობისთვის, რასაც ორგანიზაცია საქართველოში ეწევა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. JICA-ს პრეზიდენტის განცხადებით იაპონიისთვის მნიშვნელოვანია დაეხმაროს საქართველოს მისი აღმშენებლობის გზაზე. მან გამოხატა მზადყოფნა გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში, მათ შორის დასავლეთ-აღმოსავლეთ დამაკავშირებელი მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით მნიშვნელოვანი სიგნალია ის რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია რეგიონალურ ოფისს სწორედ საქართველოში ხსნის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0