საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა

01/02/2018

ერთობლივი ოქმის ხელმოწერით დასრულდა საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეოთხე სხდომა, რომელშიც აისახა ორი ქვეყნის ყველა პრიორიტეტული სოციალურ-ეკონომიკური პროექტი და მიმართულება. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდნენ მისი თანათავმჯდომარეები – საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი.
კომისიის სხდომის დასაწყისში გაკეთებულ მოკლე განცხადებებში, კომისიის თანათავმჯდომარეებმა მოკლედ მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა.
კომისიამ განიხილა ორი ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა და ამ მხრივ, ყველა ბარიერის მოხსნა, სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც ორი ქვეყნის უფრო მეტი პროდუქცია გაიგზავნება ერთმანეთის ბაზრებზე. განხილულ საკითხებს შორის იყო ერთობლივი საამწყობო საწარმოების შექმნა, რომლის დროსაც ბელარუსულ ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება მთელი რიგი სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქციის შექმნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0